ირაკლი კობახიძე - გიორგი მარგველაშვილის დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ არასახელმწიფოებრივია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციებს დიდი აზრი არ ექნება.
ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ მარგველაშვილს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით წარსულშიც ჰქონდა გადაცდომები და ეს გამოცდილება პესიმიზმის საფუძველს იძლევა.
„გიორგი მარგველაშვილი რეგულარულად არღვევდა პრინციპებს, როდესაც საქმე ეხებოდა სასამართლოში კადრების გამწესებას. იყო საუბარი თანამშრომლების გამწესებაზე, სხვა მხრივაც იყო არაერთი გადაცდომა. ეს გვიჩენს განცდას, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაშიც იხელმძღვანელებს არა სახელმწიფოებრივი ინტერესებით, არამედ სუბიექტური ინტერესებით. აქედან გამომდინარე, მეც მიმაჩნია, რომ დიდი აზრი არ ექნება ამ კონსულტაციებს”, – განცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, აზრი კონსულტაციებში მონაწილეობაზე მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების გამო შეიცვალეს.
„იყო დამატებით სხვა განცხადებები, რომელმაც კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ მოლოდინი ჩვენ ვერ გვექნება ოპტიმისტური. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მარგველაშვილი ამ შემთხვევაშიც შეეცდება გადაიყვანოს პროცესი ე.წ. კინკლაობაში. ეს არის მისი მუდმივი ზრუნვის საგანი. ეს არის სამწუხარო მოვლენა. აქ საქმე ეხება სასამართლოს, ინსტიტუტს. მისი დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ არის არასახელმწიფოებრივი. ეს მან არაერთხელ გამოავლინა. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სასამართლომ მიიღო პრინციპული გადაწყვეტილებები საკითხებთან დაკავშირებით და სამივე შემთხვევაში პრეზიდენტის მხრიდან სასამართლო გახდა დარტყმის ობიექტი. შეგახსენებთ, რომ ამ შემთხევაში სამივე შემთხვევა ეხებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს იყო სააკაშვილის ორი საქმე, სადაც ის გამტყუნდა კონკრეტულ დანაშაულებებთან დაკავშირებით და ასევე „რუსთავი 2-ის“ საქმე. როგორც კი უკავშირდება სასამართლოს გადაწყვეტილება „ნაციონალურ მოძრაობას“, მაშინვე ხდება აგრესიული მარგველაშვილი, ის გადადის შეტევაზე. ეს უბრალოდ დამთხვევა ვერ იქნება”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.