ირაკლი კობახიძე - როგორც კი ტოლობის ნიშანს დაასმევინებ პაოლო იაშვილსა და გიგა მაქარაშვილს შორის, იქ დამთავრებულია შენი იდენტობა, ეს არის სირცხვილი
დღეს რომ საუბრობდნენ სამარცხვინოდ, პაოლო იაშვილს და ტიციან ტაბიძეს იხსენებდნენ და ამ ადამიანებს, ჩვენს საამაყო წინაპრებს უტოლებენ ბაია პატარაიას და გიგა მაქარაშვილს, ეს ხომ სირცხვილია, ეს ხომ სახეში შეფურთხებაა ქართველი ხალხისთვის და ქართული ისტორიისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პარლამენტში „ხალხის ძალის“ კანონპროექტების განხილვისას განვითარებული მოვლენებით ნათელი გახდა, რომ დღევანდელი სამოქალაქო საზოგადოება თავს მოხვეული ტერმინია.
„დღეს რომ უსტვენდნენ, პარლამენტში ვინც იყო შემოსული, მაღალი მატერიებით ხომ ლაპარაკობდნენ ვითომ სამოქალაქო საზოგადოება? ესეც თავს მოხვეული ტერმინია, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. სამოქალაქო საზოგადოება, სადაც ბუნებრივად ყალიბდება და არა ასე თავს მოხვეული მახინჯი მეთოდებით, იქ სამოქალაქო საზოგადოება იქმნება აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესის საფუძველზე. მაგალითად, მე-19 საუკუნე და მე-20 საუკუნის დასაწყისი რომ გავიხსენოთ: ილია ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, იაკობ გოგებაშვილი, აკაკი წერეთელი – ესენი იყვნენ სამოქალაქო საზოგადოება“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, დღევანდელ სამოქალაქო სექტორს აქვს მცდელობა, ერთ სიბრტყეში მოაქციონ მე-20 საუკუნის მოღვაწეები და ამჟამად მოქმედი სამოქალაქო აქტივისტები.
„სირცხვილი და სულში ჩაფურთხებაა ქართველებისთვის, როცა ერთ დონეზე აყენებ ტიციან ტაბიძეს, მართლა გმირს, თან შემოქმედს, გენიალურ ადამიანს და აქეთ – ბაია პატარაიას, ეს არის ქართველი ხალხისთვის სულში ჩაფურთხება და ეს არ უნდა გავატაროთ ჩვენ. ამას როგორც კი გაატარებ, შენი იდენტობა, რასაც ებრძვიან, იქ დამთავრდება. როგორც კი ტოლობის ნიშანს დაასმევინებ პაოლო იაშვილსა და გიგა მაქარაშვილს შორის, იქ დამთავრებულია შენი იდენტობა. ეს არის სირცხვილი, ეს უნდათ ზუსტად – შენი იდენტობის წაშლა – ეს არის მიზანმიმართული პროცესი და ამიტომ მიდის მთელი ეს კამპანია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.