ირაკლი კობახიძე - როგორც კი გასაჯაროვდება ინფორმაცია, რომ კონკრეტული ორგანიზაციების მეშვეობით ფინანსდება რადიკალიზმი და პოლარიზაცია, მაშინვე შეწყდება ეს პრაქტიკა და ქვეყანა დამშვიდდება
ჩვენ მუდმივად ვტრიალებთ ამ ე.წ. პოლარიზაციის, იმავე რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეზე. არის ჩაკეტილი წრე, რაც აფერხებს ქვეყნის განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა კონკრეტულ ფაქტზე, როდესაც ქვეყნის გარედან ფინანსდებოდა საქართველოში პოლარიზაცია.
„ჩვენ დავაფიქსირეთ არაერთი ფაქტი, სრულიად შემთხვევით, მათ შორის, წამოცდენების საფუძველზე, როდესაც ქვეყნის გარედან ფინანსდებოდა საქართველოში პოლარიზაცია, რადიკალიზმი. ერთ-ერთ ფაქტს შეგახსენებთ, ეს იყო პარტია „დროას“ დაფინანსება. ერთი, რომ პარტიის დაფინანსება გარედან ყველა ქვეყანაში იკრძალება, ეს არის აბსოლუტურად არაკონსტიტუციური მოვლენა, დაფიქსირდა ფაქტი შემთხვევით, არ ვიცი, წამოსცდა თუ რა იყო, საკუთარ ფეისბუქგვერდზე „დროას“ ხელმძღვანელმა დაწერა, რომ მადლობას უხდიდა „ევროპის დემოკრატიის ფონდს“ საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერისთვის. არა მარტო პარტიას აფინანსებდნენ, პირდაპირ საარჩევნო კამპანია დაუფინანსეს პარტია „დროას“, რაც არის აბსოლუტურად არაკონსტიტუციური მოვლენა.
შექმნილი იყო ყალბი NGO, სინამდვილეში ეს იყო ასლი პარტია „დროასი“ და პირდაპირ ევროკავშირთან დაკავშირებული ფონდიდან ხდებოდა დაფინანსება. როგორც კი ჩვენ უზრუნველვყავით ამის გასაჯაროება და გასაჯაროვდა ინფორმაცია „დროას“, ანუ იმავე პოლარიზაციის, რადიკალიზმის დაფინანსების თაობაზე, მაშინვე EED-მ, ევროკავშირის დემოკრატიის ფონდმა შეწყვიტა „დროას“ დაფინანსება. როგორც კი გასაჯაროვდება, გამჭვირვალე გახდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული ორგანიზაციების მეშვეობით ხდება საქართველოში რადიკალიზმის, პოლარიზაციის დაფინანსება, მაშინვე შეწყდება ეს პრაქტიკა და ეს ქვეყანა დამშვიდდება.
ერთადერთი, რაც არის გათვალისწინებული კანონით, ეს არის ჯარიმა და როგორ დაიხურებიან, ჯარიმა იქნება ერთადერთი დაკისრებული. საქართველოში მთავარ პრობლემას ქმნიან დიდი NGO-ები, ისინი გამოდიოდნენ პოლიტიკურ სცენაზე, როდესაც ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას და ა.შ. რაც საერთოდ არ არის NGO-ს საქმე. რაც შეეხება ზოგადად გამჭვირვალობას, კითხვა დავსვათ მარტივად: რატომ შეიძლება, NGO-მ არ გამოაქვეყნოს საკუთარი წლიური დეკლარაცია?“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ტყუილია, რომ გამჭვირვალეა NGO-ების ფინანსები.
„ამაზე სწორედ გივი მიქანაძემ გამოაქვეყნა დეტალური ანგარიში, არის სრული ტყუილი, აბსოლუტური ტყუილი. არსად არ დეკლარირდება, არც ვებგვერდზე, არც ფინანსთა სამინისტროში. ჩვენ რომ შევისწავლეთ ეს პრაქტიკა, უმსხვილესი ორგანიზაციების უდიდესი ნაწილიც არავითარ ფინანსებს არ ასაჯაროებს. ეს ფაქტი არ არის დანერგილი. აქედან გამომდინარე, ეს იყო აბსოლუტური ტყუილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გვაჩვენონ, სად არის, რა ინფორმაცია დევს. მაქსიმუმ, შეიძლება კონკრეტულ, ცალკეულ ორგანიზაციებს ჰქონდეთ უზოგადესი ინფორმაცია პროექტებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ პროექტის ფარგლებშიც რაზე იხარჯება თანხები, ეს საერთოდ არ არის ჩაშლილი. რომ წერია სადღაც, რომ 5 მილიონია გამოყოფილი რაღაცის გაძლიერებისთვის, ეს არავითარ ინფორმაციას არ იძლევა.
პოლიტიკური პარტიების დეკლარაციებს თუ ნახავთ, დეტალურად არის გაშლილი, ვისგან იღებენ ფინანსებს პოლიტიკური პარტიები და სათითაოდ რაზე იხარჯება ეს თანხები, რადგან პოლიტიკის დაფინანსება ქვეყანაში უნდა იყოს გამჭვირვალე. დღეს, როდესაც საქართველოში NGO-ები არიან ქცეული პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად, ყველაზე მაპოლარიზებელი პოლიტიკური სუბიექტები არიან ისინი საქართველოში, ისიც კი არ უნდათ, რომ გაასაჯაროონ საკუთარი ფინანსები. რა თქმა უნდა, ამას ვერ ექნება ვერავითარი ახსნა, გარდა ერთისა, ვიღაცას უნდა, შავი ფულით აფინანსოს ქვეყანაში რევოლუციების მორიგი მცდელობა და, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ ვერ დავუშვებთ.
აქ ჩვენ, ცალსახად, კიდევ ერთხელ უნდა გავმიჯნოთ „გლობალური ომის პარტია“, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ „გლობალურ ომის პარტიას“, სამწუხაროდ, აქვს პრინციპული გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე, როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით, რაც არის ძალიან შემაშფოთებელი მოვლენა. თუმცა ეს არის ფაქტი და ამ ფაქტით უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ გამჭვირვალობა, საბოლოო ჯამში, დააზღვევს იმ რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფო უსაფრთხოებასთან“, – განაცხადა პრემიერმა.