ირაკლი კობახიძე - როგორც კი დავინახავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას რეალურად აინტერესებს კითხვების დასმა და პასუხების მიღება, მაშინვე გაიმართება მინისტრის მოსმენა
ირაკლი კობახიძე - როგორც კი დავინახავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას რეალურად აინტერესებს კითხვების დასმა და პასუხების მიღება, მაშინვე გაიმართება მინისტრის მოსმენა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია ამორალური პროტესტის რეჟიმიდან როცა გამოვა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენის საკითხს გადახედავენ.

„როგორც კი დავინახავთ, რომ ამ ამორალური პროტესტის რეჟიმიდან არის გამოსული ოპოზიცია, რადიკალური ნაწილი, მაშინვე გადავხედავთ ამ საკითხს. როგორც კი დავინახავთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადიკალურ ოპოზიციას რეალურად აინტერესებს კითხვების დასმა და პასუხების მიღება, ბუნებრივია, მაშინვე ასეთი მოსმენა გაიმართება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა.

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, დღევანდელ სხდომას დახურულად აცხადებს, რადგან პოლიტიკური ჯგუფების მიზანი არ იყო სხდომის ჩატარება და კითხვების დასმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტი უკვე დატოვა.

შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოში ვახტანგ გომელაურის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახისთვის მისამძიმრებით, რა დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლები ტრიბუნასთან მივიდნენ. მათ თან ჰქონდათ ლექსო ლაშქარავასა და წითლად გადახაზული პრემიერის ფოტოები.

გარდა ამისა, დარბაზში ბანერები გაშალეს მედიის წარმომადგენლებმაც. პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება რამდენჯერმე გამოაცხადა.