ირაკლი კობახიძე - როგორც კი აიკრძალება საქართველოში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მაშინვე დასრულდება სიძულვილი და ზიზღი ქართულ პოლიტიკაში
ლიბერალური ფაშიზმი არის ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ხელწერა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, პოლიტიკური ოპონენტების ხელწერაა სიძულვილის და ზიზღის კამპანიების წარმოება.
„ეს არ არის მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი, თქვენ შეგიძლიათ, გადახედოთ, როგორია სხვა ქვეყნებში პრაქტიკა. ასეთი ძალები, ერთი და იმავე ცენტრიდან მართული ძალები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ, რომ დათესონ ზიზღი, სიძულვილი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სიძულვილს დავუპირისპირდეთ ამ ქვეყანაში. ერთ-ერთი მთავარი, რამაც უნდა გაიმარჯვოს 26 ოქტომბრის არჩევნებში, არის სწორედ ის, რომ უნდა დასრულდეს სიძულვილი ამ ქვეყანაში. ეს არის პრინციპული არჩევანი, რომელიც უნდა გაკეთდეს 26 ოქტომბერს და ასევე, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, როგორც კი აიკრძალება საქართველოში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მაშინვე დასრულდება სიძულვილი და ზიზღი ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.