ირაკლი კობახიძე - როგორც ჩანს, ნინო ლომჯარიას დაავიწყდა, რომ არის ომბუდსმენი
ნინო ლომჯარიას განცხადების გაკეთებისას, როგორც ჩანს, დაავიწყდა, რომ არის ომბუდსმენი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადების კომენტირებისას.
კობახიძის შეფასებით, ლომჯარიას განცხადება აბსოლუტურად გაცდენილი იყო ომბუდსმენის უფლებამოსილების სფეროს.
„არ მინდოდა, ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ როგორც ჩანს, იმ მომენტში, როდესაც აკეთებდა განცხადებას, დაავიწყდა, რომ ის არის ომბუდსმენი. არ მაინტერესებს ვისგან იმართება, არ მინდა დეტალებში შესვლა, ამიტომ ვთქვი, რომ კომენტარის გაკეთება არ მინდოდა, უბრალოდ, აბსოლუტურად გაცდენილი იყო ომბუდსმენის უფლებამოსილების სფეროს, არსს განცხადება, რომელიც გაკეთდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი არის კანონის აღსრულება და კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედება.
„ყველას მოვუწოდებ, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებს, კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებას. კონსტიტუცია მათ შორის გულისხმობს მშვიდობიანი შეკრებისა და მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლების დაცვას და ამის უზრუნველყოფას. გარდა ამისა, კონსტიტუცია ასევე გულისხმობს, რომ უნდა იყოს უზრუნველყოფილი კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილების განხორციელება. ყველაფერი უნდა განხორციელდეს კონსტიტუციის და კანონის შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც ლომჯარია „ფეისბუქზე“ წერს, პარლამენტის პიკეტირება კანონიერი არ არის, თუმცა მისი თქმით, „ამ უკანონობაზე ის დეპუტატები არიან პასუხისმგებელნი, ვინც პროპორციულ სისტემას მხარი არ დაუჭირა“.