პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, მოლაპარაკებების პროცესში, გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მხრიდან წმინდა ტექნიკურ-სამართლებრივი შეკითხვა ისმებოდა.
კობახიძის თქმით, არ შეიძლება, გენერალური პროკურორი 2/3-ით იყოს არჩეული. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ პროკურორის არჩევა კვალიფიციური უმრავლესობით არ არის სამართლებრივად გამართული, რასაც საერთაშორისო პრაქტიკა ადასტურებს.
„გასაგებია, ერთია, ფუნქციების გაზიარება გადაწყვეტილების მიღების დროს, მაგრამ წარმოიდგინეთ ასეთი კაზუსი, რომ დღეს არის პროკურატურის პერსონალური შემადგენლობა, რომელიც მისაღებია არსებული მმართველი პარტიისთვის, და დღევანდელი მდგომარეობით გენპროკურორი იცვლება 2026 წელს, 2024 წელს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები და დაახლოებით ერთ წელიწადში, წელიწადნახევარში არის ასარჩევი ახალი გენპროკურორი. წარმოიდგინეთ, დავუშვათ ასეთი რამ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 51 მანდატი პარლამენტში. ასეთ შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, შემდეგი 6 წლის განმავლობაში, მინიმუმ 4 წლის განმავლობაში დატოვოს პროკურატურის მისთვის სასურველი შემადგენლობა თავის პოზიციებზე.
როდესაც ევროკავშირის არც ერთ წევრ ქვეყანაში არ წერია 2/3, არც აშშ-ში და არც არსად, ხომ უნდა დავფიქრდეთ, რომ ამას აქვს თავისი მიზეზი. ვინც ერკვევა იურისპრუდენციაში და ლოგიკაში თანამდებობის პირების გამწესების, ყველა ცალსახად დაეთანხმება ჩემს მოსაზრებას, რომ 2/3-ით არ შეიძლება იყოს არჩეული გენპროკურორი, თუნდაც იმისთვის, რომ ერთ მესამედს არ მიენიჭოს ჭარბი ძალაუფლება და არ მიეცეს საშუალება, ძველი პროკურორი დატოვოს შემდეგი 4 წლის განმავლობაში. აქ არის უმარტივესი ლოგიკა. ჩვენ ერთადერთი, რასაც ვითხოვდით, გვინდოდა, ამ უმარტივესი ლოგიკის განხილვა როგორც პარტიებთან, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნორებთან ერთად. ხომ უნდა ჰქონდეს რაღაც ლოგიკა იმას, რომ არც „ეფბიაის“ დირექტორი, არც ევროკავშირის რომელიმე წევრი ქვეყნის პროკურორი არ აირჩევა არც სამი მეხუთედით და არც ორი მესამედით. ლოგიკა ისაა, რომ თავისთავად სამართლებრივად შეყავხარ ერთგვარ ჩიხში ორი მესამედის, თუ ნებისმიერი კვალიფიციური უმრავლესობის წესს.
ჩვენ, თავის დროზე როცა გვქონდა საკონსტიტუციო განხილვა, ვენეციის კომისიას ჰქონდა რეკომენდაცია, რომ კვალიფიციური უმრავლესობა დადგენილიყო პროკურორთან მიმართებაშიც. სხვა შემთხვევაში ჩვენ ეს რეკომენდაცია გავითვალისწინეთ, რადგან როცა აირჩევა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, იქ ხუთი წევრი აირჩევა პარლამენტის მიერ, ჩაიწერა სამი მეხუთედის უმრავლესობა, ანუ გავიზიარეთ ჩვენ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, იქ რომც ვერ აირჩიო იუსტიციის საბჭოს წევრები, ერთი რომ ძველი შემადგენლობა არ რჩება, ისინი მიდიან განსხვავებით პროკურატურისგან. რაც შეეხება იმ შემთხვევას, როცა ვერ ირჩევ, მაინც რჩება თავის პოზიციაზე მოსამართლეების მიერ არჩეული და პრეზიდენტის მიერ დანიშნული მინიმუმ 10 წევრი. ანუ, ამას არ შეჰყავს ჩიხში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობა. იგივე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს. აქაც გავითვალისწინეთ ის, რომ სამი მოსამართლის პარლამენტში არჩევისთვის საჭიროა დღეს 90 დეპუტატის მხარდაჭერა. აქაც რომ ვერ აირჩიო, ჩიხი არ აქვს ინსტიტუციას, რადგან მინიმუმ 6 მოსამართლე რჩება პრეზიდენტის და უზენაესი სასამართლოს მიერ გამწესებული.
ომბუდსმენთან დაკავშირებითაც გავიზიარეთ, რადგან ომბუდმესნი არის განსხვავებული თანამდებობის პირი იგივე გენპროკურორისგან. ომბუდსმენის ვერარჩევა არ ნიშნავს, რომ გარკვეული სახელმწიფოებრივად ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე ფუნქცია ვერ სრულდება, რა თქმა უნდა, ომბუდსმენის ფუნქციაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ვერ შევადარებთ ამას გენპროკურორის ფუნქციას. იმისთვის, რომ ჩვენ ჩიხში არ შეგვეყვანა გარკვეული სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი და თუნდაც ასეთი ნონსენსი არ დაგვეშვა, რომ უმცირესობა ტოვებს თავის პროკურორს თანამდებობაზე, სწორედ ამიტომ კონკრეტული არგუმენტებით და სიღრმისეული მსჯელობით არ გავიზიარეთ თავის დროზე საკონსიტუციო კომისიაში ეს რეკომენდაცია. ერთადერი რეკომენდაცია, რომელიც სასამართლოს თავის ნაწილში არ გავითვალსწინეთ, ეხებოდა სწორედ პროკურორს“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობის წესით არჩევა არ არის რაციონალური და იგივე ეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც.
„ცესკო-ს შემთხვევაში, მაგალითად, გაჩნდა ორი ვაკანსია. წელს ახალი ფორმირების წესის დადგენის შემდეგ, ექვსი იქნება პროფესიული ნიშნით გამწესებული ცესკოს-ს მოქმედი წევრი და რვა ოპოზიციური პარტიებიდან. ოპოზიცია თუ დაბლოკავს ორი პროფესიული წევრის არჩევას, ამ შემთხვევაში ოპოზიციას რჩება უმრავლესობა ცესკო-ში. და ამ ოპოზიციიდან შვიდი ისეთი პარტიაა, რომელიც დღეს არის საბოტაჟის რეჟიმში და რომლისგანაც საბოტაჟს, ბუნებრივია, არჩევნების დროსაც უნდა ველოდოთ, სამწუხაროდ, სხვა მოლოდინი არ გვაქვს იმ საბოტაჟიდან გამომდინარე, რომელსაც დღეს ვხედავთ პარლამენტთან მიმართებით.
როგორ შეიძლება, რომ იმთავითვე მისცე საარჩევნო საბოტაჟის ბერკეტი იმ ოპოზიციას, რომელიც დღეს არის პარლამენტის საბოტაჟის რეჟიმში. გვინდოდა თითოეულ ამ საკითხთან დაკავშირებით მარტივ კითხვებზე პასუხი და ამის შემდეგ მზად ვიყავით, მოგვეწერა ხელი ამ დოკუმენტზე, რომელიც დანიელსონმა წარმოადგინა“, – განაცხადა კობახიძემ „თავისუფალ ხედვაში“.
გარდა ამისა, კობახიძე აღნიშნავს, რომ შეთანხმება რომც ვერ შედგეს, „ქართული ოცნება“ ყველა შემთხვევაში განახორციელებს საარჩევნო და სასამართლო რეფორმას.
„თუ შეთანხმება არ იქნება, ჩვენ ყველა შემთხვევაში განვახორციელებთ საარჩევნო და სასამართლო რეფორმას, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ამ ორ პუნქტთან დაკავშირებით ვითხოვდით დამატებით დისკუსიას, ბუნებრივია, დამატებითი დისკუსიის საფუძველზე გადავწყვეტთ ამ საკითხებს, დანარჩენი პუნქტები, რაზეც გვქონდა პირდაპირ თანხმობა გამოცხადებული, ბუნებრივია, ყოველგვარი დამატებითი დისკუსიის გარეშე აისახება კანონმდებლობაში“, – დასძინა კობახიძემ.