ირაკლი კობახიძე - როგორ ფიქრობთ, სახელმწიფოს სტიქიის ზონაში სჭირდებოდა დამატებითი რესურსი და, მაგალითად, აზერბაიჯანს უარი უთხრა? ამ კითხვის დასმა არასერიოზულია
ირაკლი კობახიძე - როგორ ფიქრობთ, სახელმწიფოს სტიქიის ზონაში სჭირდებოდა დამატებითი რესურსი და, მაგალითად, აზერბაიჯანს უარი უთხრა? ამ კითხვის დასმა არასერიოზულია

როგორ ფიქრობთ, სახელმწიფოს სჭირდებოდა დამატებითი რესურსი და, მაგალითად, აზერბაიჯანს უთხრა უარი? სერიოზულია ახლა ამ კითხვის დასმა? – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას: „გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთისგან, თურქეთისგან, აზერბაიჯანისა და სომხეთისგან მიიღეთ შეთავაზება მათი სამაშველო ვერტმფრენების გამოყენებაზე. რა დასაბუთებით თქვა ამაზე უარი ხელისუფლებამ? შეგიძლიათ თუ არა ამტკიცოთ, რომ ამან არ გამოიწვია მსხვერპლი ადგილზე? შესაძლებელი იყო თუ არა შოვში ადამიანების გადარჩენა?“

კობახიძის თქმით, ვერტმფრენთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციები ვრცელდება.

„ტყუილია, ვერტმფრენთან დაკავშირებითაც ტყუილია, შუქი არ ჰქონდა ვერტმფრენსო, რომ ამბობთ, ეს, უბრალოდ, არასერიოზულია, თქვენ ისიც არ იცით, რას ნიშნავს ღამის ხედვის აპარატურა. თქვენ გგონიათ, რომ ფარები აქვს დაყენებული ვერტმფრენს, არასერიოზულია ეს ყველაფერი, ჯერ გაერკვიეთ და შემდეგ დასვით ასეთი კითხვები. რაც შეეხება ღამის ხედვის აპარატურას, მისი ამოცანა არ არის უსაფრთხოების სტანდარტის გაუმჯობესება, ისეთივე საფრთხის შემცველია ღამის ხედვის აპარატურით ვერტმფრენის ფრენა იმ არეალში, როგორც იქნებოდა ამის გარეშე. ამიტომ სერიოზული კითხვები დასვით, სერიოზულად მოემზადეთ ხოლმე ამ კითხვებისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე ამბობს, რომ ვერტმფრენები თავიდან ბოლომდე საკმარისი იყო იმ ამოცანების შესასრულებლად, რომელიც იდგა სამაშველო სამსახურის წინაშე.

„საათების განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა ვერტმფრენებს, რომ ეწარმოებინათ სამუშაოები. თქვენ შეგიძლიათ სპეკულირება ნებისმიერ პოლიტიკურ თემაზე, მაგრამ სამარცხვინოა სპეკულირება ისეთ თემაზე, რომელიც უკავშირდება ადამიანების დაღუპვას, სტიქიას, უბრალოდ, სამარცხვინოა ეს ყველაფერი. იქ იყო ყველანაირი საშუალება, რომ მოძიებულიყო ყველა ადამიანი, რომელსაც ჰქონდა გადარჩენის შესაძლებლობა.

ახალ ვერტმფრენებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მოგვცემენ შესაბამისი უწყებები, მათი პრეტოგატივაა, შესყიდვა თავისთავად განხორციელდა. რაც შეეხება სპეკულაციებს იმასთან დაკავშირებით, რომ მეტი რესურსის ჩართვა შეიძლებოდა და ამის გამო რაღაც სხვა შედეგი დადგა, ეს არის წმინდა წყლის ტყუილი, არა მარტო სპეკულაცია, არამედ არის წმინდა წყლის ტყუილი. ტყუილის გავრცელება შეიძლება ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ არა იმ თემებზე, რომელიც შეეხება ადამიანების დაღუპვას, სტიქიას და ა.შ. ეს არის ჩემი რჩევა თქვენ მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, მონიტორინგის სისტემა დამონტაჟებულია ქვეყნის მასშტაბით უამრავ ადგილზე, მათ შორის რაჭაში არის 20 შესაბამისი აპარატურა დამონტაჟებული.

კობახიძის თქმით, კონკრეტულად შოვის ტერიტორიაზე წყლის მონიტორინგი ხორციელდებოდა და გარდა იმ რამდენიმე წუთისა, რომელიც უკავშირდებოდა  სტიქიას, არცერთი წუთით არ დაფიქსირებულა წყლის დონის მატება ან კლება, რაც შეიძლებოდა სტიქიის პროგნოზირების საფუძველი გამხდარიყო.

„რეალურად, სტიქია იყო სპონტანური და, შესაბამისად, ჩემი ინფორმაციით, მისი პროგნოზირება იყო შეუძლებელი. მსგავსი რამ არ მომხდარა არცერთ წინა წელს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, წყლის მონიტორინგი წარმოებდა, სპონტანური იყო სტიქია და, აქედან გამომდინარე, არ იყო პროგნოზირებადი. ნებისმიერი სტიქია რომ იყოს პროგნოზირებადი, არსად მოყვებოდა მსხვერპლი სტიქიას, მაგრამ არის უამრავი ქვეყანა, იაპონიაში მოჰყვა უამრავჯერ მსხვერპლი არაერთ სტიქიას, ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანაა, იტალიაში, სლოვენიაში, აშშ-ში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.