ირაკლი კობახიძე - როდის და როგორ იყო ჩართული „გლობალური ომის პარტია“ ქვეყანაში მძიმე პროცესების განვითარებაში, ამაზე ნამდვილად გვაქვს ინფორმაცია, რომლის გასაჯაროებისაც ნამდვილად უნდა ეშინოდეს
როდის და როგორ იყო ჩართული „გლობალური ომის პარტია“ საქართველოში მძიმე პროცესების განვითარებაში, ამაზე ნამდვილად გვაქვს ინფორმაცია, რომლის გასაჯაროებისაც უნდა ეშინოდეს, რა ხდებოდა, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში, თუნდაც 14-წლიანი ინტერვალით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.
კობახიძემ უპასუხა „რადიო თავისუფლების“ სტატიაზე დასმულ კითხვას, რომლის მიხედვით, „ამერიკელებს აქვთ გარკვეული ინფორმაცია მმართველი გუნდის შესახებ, რომლის გამჟღავნება გამოიწვევს კატასტროფულ შედეგს მმართველი გუნდის იმიჯთან დაკავშირებით“.
„ასეთი ინფორმაცია ბუნებაში ვერ იარსებებს, რადგან ჩვენ ვმოქმედებთ აბსოლუტურად სუფთად ეროვნული ინტერესების დასაცავად. ერთადერთი, რაც გვამოძრავებს, არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. რაც შეეხება ინფორმაციას გარკვეულ პროცესებთან დაკავშირებით, როდის და როგორ იყო ჩართული „გლობალური ომის პარტია“ საქართველოში მძიმე პროცესების განვითარებაში, ამაზე ნამდვილად გვაქვს ინფორმაცია და იმ ინფორმაციის გასაჯაროების ნამდვილად უნდა ეშინოდეს „გლობალურ ომის პარტიას“. რა ხდებოდა სხვადასხვა პერიოდში, ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, თუნდაც 14-წლიანი ინტერვალით. ამიტომ ვერავის დააშანტაჟებენ, რადგან ვერავითარი ინფორმაცია ვერ იარსებებს. ერთადერთი, რაზეც შეიძლება, ინფორმაცია არსებობდეს, ეს არის ჩვენი გუნდის მიერ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა.
რაც შეეხება იმ ძალებს, რომლებიც ექვემდებარებოდნენ ამ ქვეყანაში „გლობალურ ომის პარტიას“, ისინი პირდაპირ და უხეშად უპირისპირდებოდნენ ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რამაც, მათ შორის, გამოიწვია საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვა 2008 წელს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.