ირაკლი კობახიძე - როდესაც საქმე ეხება საინვესტიციო პროექტს, ზრუნვა უნდა იყოს გამოხატული ინვესტიციით, სამწუხაროდ, დღემდე ანაკლიის პორტში არავითარი ინვესტიცია არ განხორციელებულა
ირაკლი კობახიძე - როდესაც საქმე ეხება საინვესტიციო პროექტს, ზრუნვა უნდა იყოს გამოხატული ინვესტიციით, სამწუხაროდ, დღემდე ანაკლიის პორტში არავითარი ინვესტიცია არ განხორციელებულა

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობისას ყველაფერი გამჭვირვალედ წარიმართება, ყველა პარტნიორთან კონსულტაციების რეჟიმში ვიქნებით, ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმის დროს, აქ საუბარი არ არის მხოლოდ ორი კონკრეტული ქვეყნის ურთიერთობაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო ინტერესები მეტად რეალიზებული იყოს.

„როდესაც საქმე ეხება საინვესტიციო პროექტს, ზრუნვა უნდა იყოს გამოხატული ინვესტიციით. არ ვიცი მიზეზი, მაგრამ, სამწუხაროდ, დღემდე ანაკლიის პორტში არავითარი ინვესტიცია არ განხორციელებულა. თავის დროზე, როდესაც ეს პროექტი ებარა კონსორციუმს, ხაზარაძეს ებარა, მან ვერ მოახერხა ვერცერთი ცენტი დასავლური ინვესტიციის მოზიდვა. შესაბამისად, სამწუხაროდ, ზრუნვა არ ჩანდა, ინვესტიცია არ ჩადებულა, რაც ახსნადი შეიძლება იყოს: ამერიკა თავისთვის ვერ ხედავს კომერციულ ან ეკონომიკურ ინტერესს ამ პორტის მიმართ, სხვა შემთხვევაში, ალბათ ინვესტიცია ჩაიდებოდა. ვერ გეტყვით, რა არის ამის მიზეზი. ზრუნვა არის ხოლმე გამოხატული ინვესტიციით, როცა საქმე ეხება საინვესტიციო პროექტს. ამ შემთხვევაში არავითარი ინვესტიცია არ ყოფილა, შესაბამისად, არანაირი პრაქტიკული ნაბიჯი არ ყოფილა გადადგმული. ჩვენთვის მისასალმებელი იქნებოდა მთელი ამ წლების განმავლობაში ამერიკული ინვესტიციის ჩადება ანაკლიის პროექტში, რაც, სამწუხაროდ, არ მომხდარა. ეს ვერ მოახერხა, მათ შორის ვერც ხაზარაძის კონსორციუმმა. ვერცერთი ცენტი ვერ ჩაადებინა ამერიკელებს ანაკლიის პორტში“, – განაცხადა კობახიძემ.