ირაკლი კობახიძე - როდესაც საქართველოზე ანგარიშის ავტორი თავად არ ეთანხმება ცვლილებებით წარმოდგენილ საკუთარ მოხსენებას, ეს აჩვენებს, რომ ევროპარლამენტში ძალიან მძიმე ვითარებაა
ცოტა ხნის წინ გასკდა კორუფციული სკანდალი ევროპარლამენტში, საქართველოს თემაზე დამტკიცებული დოკუმენტიც კორუფციის კიდევ ერთი გამოვლინებაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
კითხვაზე, ემსახურებოდა თუ არა მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროება ევროპარლამენტის მიერ მიღებული ანგარიშის გადაფარვას, კობახიძემ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს და მას გადაფარვა არ სჭირდება.
„ამ რეზოლუციას აქვს ჩალის ფასი. ჩალას არანაირი გადაფარვა არ სჭირდება, ეს ერთი. მეორე, იუსტიციის სამინისტრო როდესაც კადრებს ასაჯაროებს, წარსულშიც ასე იყო და ახლაც ასეა, როგორც მარტივად შეგვიძლია, გავაანალიზოთ, რომ ეს არის პასუხი ფეიკკამპანიაზე, რომელიც წარმოებდა 400 დღის განმავლობაში და დღემდე წარმოებს „ნაცმოძრაობის“ მხრიდან იმის შესახებ, რომ ყოველდღიურად კვდება 400 დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი. ეს იყო პასუხი ამაზე. რა შუაშია აქ რეზოლუცია, რომელსაც აქვს ჩალის ფასი. ჩალას სიმძიმე ვერ ექნება, ჩალას წონა ვერ ექნება, ვერც ასე, ვერც ისე. ჩალა როგორც არ უნდა შეფუთო, მას წონა ვერ ექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროპარლამენტის ანგარიშის ავტორის, სვენ მიქსერის გადაწყვეტილების შესახებ დასმულ კითხვაზე, რომელმაც დოკუმენტში შესწორებების წინააღმდეგ მისცა ხმა, საბოლოო ვერსიის მხარდაჭერისგან კი თავი შეიკავა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს სრული ანომალიაა.
„ასე თითქმის არასდროს ხდება, რაც მთლიანობაში აჩვენებს პარადოქსულ ვითარებას, რომელიც არის შექმნილი ამ დოკუმენტის გარშემო. როდესაც მომხსენებელი თვითონ არ ეთანხმება ცვლილებებით წარმოდგენილ საკუთარ მოხსენებას, ეს აჩვენებს იმას, რომ ძალიან მძიმე ვითარებაა ევროპარლამენტში. ცოტა ხნის წინ გასკდა სკანდალი, რომელიც უკავშირდებოდა კორუფციას და ეს დოკუმენტიც, რომელიც დამტკიცდა, არის კორუფციის კიდევ ერთი გამოვლინება. ეს ფულთან არის დაკავშირებული თუ სხვა რამესთან, ამაზე საზოგადოებამ იმსჯელოს, მაგრამ კორუფციას აქვს სხვადასხვა გამოხატულება. თავისთავად ის რეზოლუცია, რომელიც დაამტკიცა საქართველოს თემაზე ევროპარლამენტმა, დაკავშირებულია კორუფციულ პრობლემებთან და ოლიგარქიულ გავლენებთან, რომელიც აშკარად შეინიშნება ევროპარლამენტში. რა თქმა უნდა, ეს არის სერიოზული პრობლემა და, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტის ხელმძღვანელობამ და ევროკავშირის ხელმძღვანელობამ სერიოზულად შეხედოს ამ პრობლემას, რომელიც იკვეთება ამ ინსტიტუტში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, გადაწყვეტილებებს იღებს ევროპული საბჭო და ამ კუთხითაც ნაკლები ფასი აქვს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტს.
„ჩალის ფასი, ორსიტყვიანი კომენტარი – ჩალის ფასი. ამას აქვს ჩალის ფასი. მეორე, 15-16 დეკემბერს, დღეს-ხვალ შედგება ევროპული საბჭოს სხდომა, სადაც უკვე ევროკავშირი იღებს გადაწყვეტილებას. ევროპარლამენტი არის პარლამენტი და ამ კუთხითაც ნაკლები ფასი აქვს მის ჩანაწერებს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. დღეს-ხვალ შედგება ევროპული საბჭოს სხდომა, სადაც ევროკავშირი იღებს გადაწყვეტილებებს. ვნახოთ, გაიზიარებს თუ არ გაიზიარებს ევროპული საბჭო ევროპარლამენტის ამ აბსურდულ ჩანაწერებს. წინაზე არ გაიზიარა, დიდი ალბათობით ახლაც არ გაიზიარებს. აქედან გამომდინარე, ყველა კუთხით ფასი არა აქვს იმ ჩანაწერებს, რომლებიც კეთდება ასეთ რეზოლუციებში. ერთადერთი, რაც ხდება ამ ყველაფრით, არის ის, რომ ეს ადამიანები, ომის პარტიის წარმომადგენლები ახდენენ ევროპარლამენტის, ევროკავშირის ამ ინსტიტუტის დისკრედიტაციას, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.