ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის განცხადებაზე - სჯობს, კომენტარები გაკეთდეს ომისკენ მიმართულ იმ განცხადებებზე, რომლებიც გააკეთეს გიგაურმა, ლომჯარიამ, უსუფაშვილმა, მარგველაშვილმა
ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის განცხადებაზე - სჯობს, კომენტარები გაკეთდეს ომისკენ მიმართულ იმ განცხადებებზე, რომლებიც გააკეთეს გიგაურმა, ლომჯარიამ, უსუფაშვილმა, მარგველაშვილმა

ხელისუფლებიდან არავის ასეთი რამ არ უთქვამს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, მსგავსი ინფორმაციები არსებობდეს. ამიტომ, როდესაც ხელისუფლებიდან ეს არავის უთქვამს და სხვა გეუბნება, თითქოს ასე თქვი, აქაც ეჭვები ჩნდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობხიძეს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის იმ განცხადებაზე, სადაც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს: „ჩვენ მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგ-პონგი, შეიძლება,ზოგჯერ სჯობდეს, პასუხები არ იყოს, მივმართავ ხელისუფლებას, არის რაღაცები, რაც არ შეიძლება, ითქვას. არის რაღაც ბრალდებები, მაგალითად, იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს და ომს, ეს არის მიუღებელი“.

კობახიძის თქმით, უმჯობესია, კომენტარები გაკეთდეს იმ გამონათქვამებზე, რომლებიც ომთან დაკავშირებით სხვადასხვა პირის მხრიდან მართლა გაკეთდა.

„ჯერ ერთი, ხელისუფლებიდან არავის ასეთი რამ არ უთქვამს. შეიძლება, ჩვენ გვქონდეს რაღაცა ასეთი ინფორმაცია, მაგრამ დღემდე ხელისუფლებიდან არავის ასეთი რამ არ უთქვამს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, რაღაც მსგავსი ინფორმაციები არსებობდეს. ამიტომ როდესაც ხელისუფლებიდან ეს არავის უთქვამს და სხვა გეუბნება, თითქოს ასე თქვი, აქაც ეჭვები ჩნდება, ამის მაგივრად სჯობს, კომენტარები გაკეთდეს იმ გამონათქვამებზე, რომლებიც მართლა გაკეთდა. მაგალითად, ეკა გიგაური როდესაც ომისკენ მოგვიწოდებდა, სჯობს, ამაზე გაკეთდეს კომენტარები. ან ლომჯარია როდესაც ამბობდა, რომ ომის ცეცხლი ურჩევნია რაღაც რაღაცებს, ამაზე სჯობდა, კომენტარი გააკეთებულიყო. ან უსუფაშვილი, მარგველაშვილი როცა აკეთებდნენ ომისკენ მიმართულ განცხადებებს, სჯობდა, ამაზე გაკეთებულიყო კომენტარები. ჩვენ რაღაცას არ ვამბობთ და ამაზე გვთხოვენ პასუხს, მაშინ, როდესაც სხვები რაღაცას ამბობენ და იმაზე კომენტარსაც კი არ აკეთებენ, ეს არასწორია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.