ირაკლი კობახიძე - როდესაც გამოდის ქალი დეპუტატი ოპოზიციიდან და უზრდელობს, ამაზე ვიღაცას რომ აქვს თუნდაც გადაჭარბებული რეაქცია, ორივე მხარე უნდა შეფასდეს სათანადოდ და არა ცალმხრივად
ყველაფერი ყოველ ჯერზე დაიწყო ამ ქალი დეპუტატების უზრდელობით, უზრდელია და უზრდელობს სხვადასხვა რამეა, მე არ მახსენდება ქალი დეპუტატი ოპოზიციიდან, რომელიც რეგულარულად არ უზრდელობს, თითქმის არ მახსენდება, შეიძლება, არის ერთი ან ორი ასეთი, მაგრამ უმეტესობა ამ ქალი დეპუტატებიდან, უბრალოდ, რეგულარულად უზრდელობს, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, აღნიშნული დეპუტატები ახდენენ ყველაფრის დისკრედიტაციას.
„ისინი ახდენენ ყველაფრის დისკრედიტაციას – პოლიტიკაში ქალის როლის დისკრედიტაციას, კვოტების დისკრედიტაციას და ა.შ. ამიტომ ჩემი თხოვნაა, ნუ იქნება ცალმხრივი შეფასებები, სრულად შევაფასოთ ხოლმე ის ინციდენტები, რომლებიც ხდება. როდესაც გამოდის ქალი დეპუტატი ოპოზიციიდან, უზრდელობს, გეძახის პუტინისტს, კორუმპირებულს და ა.შ. ამაზე ვიღაცას რომ აქვს თუნდაც გადაჭარბებული რეაქცია, ორივე მხარე უნდა შეაფასოთ სათანადოდ და არა მხოლოდ ცალმხრივად გააკეთოთ შეფასებები. რეგლამენტში ცვლილება ამ ქალი დეპუტატების უზრდელობას რას უშველის, არ ვიცი“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის დეპუტატები ისე არ იქცევიან, როგორც ოპოზიციონერები.
„ჩვენი დეპუტატების შემთხვევაში მე არ მახსენდება უზრდელობის ფაქტი, იყო ერთი გადაჭარბებული განცხადება, რასთან დაკავშირებითაც ერთ-ერთმა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობიდან ბოდიშიც მოიხადა, თუმცა თქვენ ვერ გაიხსენებთ ვერც ერთ ბოდიშს ოპოზიციონერების მხრიდან. ეს ერთი და იყო მეორე შემთხვევა, როდესაც იყო აბსოლუტურად უზრდელური განცხადებები, ამაზე მისცა შეიძლება ასევე გადაჭარბებული რეაქცია ერთ-ერთმა დეპუტატმა. მე, ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსაც მოვუწოდებ, რომ არ აჰყვნენ ასეთ პროვოკაციებს. თუმცა, მარტივი არ არის, ხანდახან ადამიანს ნერვები უმტყუნებს, როდესაც ასეთ უხეშ უზრდელობას ისმენს. ეს არის საერთო სურათი. ამ ყველაფერს რა უნდა უშველოს საკანონმდებლო ცვლილებებმა, არ ვიცი. მე მოვუწოდებ კიდევ ერთხელ ყველას, რომ შეეშვან პროვოკაციებს და ყველას ჩვენიანებს მოვუწოდებ, ნუ ექნებათ რეაგირება პროვოკაციებზე“, – განაცხადა კობახიძემ.