ირაკლი კობახიძე - როდესაც ამდენ ტყუილს აღმოაჩენ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, გიწევს საკუთარი დასკვნების დაკორექტირება, თანდათან ყველა იცვლის პოზიციას
ირაკლი კობახიძე - როდესაც ამდენ ტყუილს აღმოაჩენ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, გიწევს საკუთარი დასკვნების დაკორექტირება, თანდათან ყველა იცვლის პოზიციას

როდესაც ამდენ ტყუილს აღმოაჩენ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, გიწევს საკუთარი დასკვნების დაკორექტირება. ამ პროცესთან გვაქვს საქმე, რაც აბსოლუტურად ჯანსაღია, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ყველანაირი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, მცდარი აღმოჩნდა.

„ყველა ხედავს, რომ არჩევნები კი არ გაყალბდა, არჩევნების გაყალბება გაყალბდა საქართველოში. თანდათან ყველა ცვლის საკუთარ პოზიციას. არავითარი მტკიცებულება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არ არსებობს. საუბარი იყო, რომ ცესკო არ ემთხვეოდა PTV-ს. აღმოჩნდა, რომ პირიქით, PTV არ დაემთხვა ცესკო-ს. აღმოჩნდა, რომ რვა პროცენტიანი მაჩვენებელიც ტყუილი ყოფილა. აღმოჩნდა, რომ რასაც წერდნენ თურმე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, მოსყიდვაზე და ა.შ. ესეც არაზუსტი ინფორმაცია ყოფილა.

ყველაფერთან დაკავშირებით დისკუსიისთვის, პოლემიკისა და დებატებისთვის ვართ მზად. ოპოზიცია ყველაფერზე ამბობს უარს. გადამოწმების ყველანაირ ფორმაზე უარს ამბობენ სწორედ იმიტომ, რომ არც არაფერი აქვთ დასამტკიცებელი.

როდესაც ჩვენ პირველ დღეებში გვატყუებდნენ, რომ თურმე მაგალითად, თამარ ჟვანიას გვიან გამოუქვეყნებია ცესკო-ს მონაცემები, აღმოჩნდა, რომ ტყუილი იყო. მეორე დღეს PTV-ს გაყალბებული მონაცემები გამოაქვეყნეს. აქაც დარწმუნდა ყველა სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომ ესეც ტყუილი ყოფილა. რვა პროცენტიანი მაჩვენებელი, უბნებში მეტობა და დისბალანსიც ტყუილი აღმოჩნდა. ასეთ დროს ამდენ ტყუილს რომ აღმოაჩენ გაყალბებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, გიწევს საკუთარი დასკვნების დაკორექტირება. ამ პროცესთან გვაქვს საქმე, რაც აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა დღეს ფეისბუქპოსტი გაავრცელა, სადაც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ორი ანგარიშის შესახებ საუბრობს.  მისი თქმით, ერთი ანგარიში გამოქვეყნებულია 4 ნოემბერს, ხოლო მეორე დღეს.  როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს: „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ შეასწორა პოზიცია და აღარ საუბრობს „ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო გამოყენებასა“ და „სახელმწიფოსა და პარტიას შორის ზღვრის წაშლაზე“.