ირაკლი კობახიძე - როცა პრეზიდენტი არათანმიმდევრულია, სასახლეებზე საუბარი ზედმეტია
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ მომავალი პრეზიდენტი აუცილებლად ინტელექტუალი უნდა იყოს და კონსტიტუციური ფუნქციები უნდა ესმოდეს, რომელიც მიკუთვნებული აქვს.
ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის სასახლის საკითხის გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საკითხზე არანაირი კონკრეტული პოზიცია არ აქვს.
„მთავარია არა სასახლე, სადაც პრეზიდენტი უნდა იმყოფებოდეს, არამედ პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილებების სწორად განხორციელება. პრეზიდენტი პარლამენტში მაღალი ხარისხის სიტყვით გამოდიოდეს, კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებდეს და იმ ტერმინოლოგიას არ იყენებდეს, რომელსაც გუშინ ოპონენტების მიმართ იყენებდა. ასევე თანმიმდევრული იყოს და ის არ გააკეთოს, რაც აჭარაში გააკეთა, როცა ყველამ იცოდა, რომ უმაღლეს საბჭოში 2/3 იყო წარმოდგენილი და “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილი კანდიდატი უნდა დაესახელებინა, თუმცა ბათუმში ჩავიდა და ოპოზიციას უთხრა, კანდიდატი დაყენებული რატომ არ გყავთო. კანდიდატი დაასახელებინა, რაც უკვე კომიკური მოვლენა იყო და მერე ეს კანდიდატი არ დაუსახელა. როცა პრეზიდენტი არათანმიმდევრულია, სასახლეებზე საუბარი ზედმეტია. მთავარია, პრეზიდენტი თავის კომპეტენციებს სწორად ახორციელებდეს, თანმიმდევრული და შესაბამისი პასუხისმგებლობით აღჭურვილი პირი იყოს”, – განაცხადა კობახიძემ.