ირაკლი კობახიძე - როცა გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის განაჩენი დადგა, მარგველაშვილი იყო პირველი, ვინც მას ხელი დააფარა
არაერთხელ ვთქვით, რომ „ნაცმოძრაობას“ აქვს იაფფასიანი მცდელობა, პარალელი გაავლოს გირგვლიანისა და ხორავას ქუჩის საქმეებს შორის და ძალიან სამწუხაროა, რომ იგივე იაფფასიანი მცდელობა ჰქონდა ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ იწოდება საქართველოს პრეზიდენტად, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას.
„ყველას გვახსოვს, რა იყო გირგვლიანის საქმე. ეს იყო ხელისუფლების შეთქმულება ერთი ადამიანის წინააღმდეგ. ეს იყო მკვლელობა, რომელიც ჩაიდინა მაშინდელმა რეჟიმმა. ბოლომდე აფარებდნენ ხელს შემსრულებლებს და შემდეგ სხვადასხვა ფორმით ხდებოდა ამ ყველაფრის შეფუთვა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ამაში ჩართული იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ტელევიზიები.
„ნაცმოძრაობის“ ყველა პარტიული ტელევიზიაც ამაში იყო ჩართული. ეს იყო უმძიმესი ფაქტი და არანაირი კავშირი გირგვლიანის საქმესა და ხორავას საქმეს შორის არ არსებობს. სამწუხაროა, რომ დღეს გიორგი მარგველაშვილი ჩაერთო ამ იაფფასიან კამპანიაში. გირგვლიანის მკვლელობა იყო მკვლელობა, რომელიც ჩაიდინა რეჟიმმა და რეჟიმმა დააფარა ხელი ამ მკვლელობას. შეგახსენებთ, როდესაც გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმეზე სააკაშვილის განაჩენი დადგა, მარგველაშვილი იყო პირველი, ვინც ხელი დააფარა მიხეილს სააკაშვილს. ამას რა შეფასება უნდა მიეცეს, არ ვიცი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მხარდაჭერას უცხადებს ზაზა სარალიძეს, რომელიც, პრეზიდენტის თქმით, ირინა ენუქიძის მსგავსად იცავს შვილების სიცოცხლეს.