ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია უკან იხევს, ხვდებიან, რომ მძიმე მდგომარეობაში არიან
ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია უკან იხევს, ხვდებიან, რომ მძიმე მდგომარეობაში არიან

ეს ინიციატივა რაუნდების დროს განხილული არ ყოფილა. რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ რიგგარეშე არჩევნებზე თეორიული საუბარი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს, თუ არჩევნების გაყალბება დაფიქსირდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „არის თუ არა კონსულტაციები იმაზე, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებზე 48-50 პროცენტამდე არ მიიღებს, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს“.

ამასთან, როგორც კობახიძე ამბობს, ოპოზიცია ცდილობს, მოძებნონ გამოსავალი იმ კრიზისული მდგომარეობიდან, რაშიც თავად ჩაიგდეს თავი.

„ხედავთ, რომ ოპოზიციას გადამოწმებას ვთავაზობთ და ყველა წინადადებაზე სრული უარი გვაქვს, რადგან მათ ზეპირად იციან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და აქედან გამომდინარე, უარს ამბობენ ყველანაირ გადამოწმებაზე, მათ შორის, თავის დროზე გადათვლაზე თქვეს უარი, ჯერ კიდევ მეორე რაუნდის დროს, ასევე კამერების ნახვაზე თქვეს, დებატებზე და ახლა უარს საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ამბობენ. მათ შევთავაზეთ, რომ კომისია შევქმნათ, ყველაფერი გადავამოწმოთ და თუ მინიმალური გადახრა მაინც დაფიქსირდება, მაშინ რიგგარეშე არჩევნები დავნიშნოთ, თუმცა მათი პასუხი არის უაყოფითი. მიზეზი მარტივია – მათ ძალიან კარგად იციან, რომ არც ერთპროცენტიანი და არც 0,1 პროცენტიანი გადახრა არ დაფიქსირდება, რადგან არჩევნები არ გაყალბებულა.

ეს პრაქტიკა მათ ჰქონდათ 2012 წლამდე 90-იანი წლებიდან მოყოლებული და ეს პრაქტიკა საქართველოში 2012 წლიდან აღიკვეთა. მთლიანობაში, ოპოზიცია უკან იხევს. ხვდებიან, რომ მძიმე მდგომარეობაში არიან. ამას მარტივი მიზეზი აქვს. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სვლა და ბევრი მანევრი, მათ აქვთ პრაქტიკულად, ნულოვანი სვლების „ბაგაჟი“ და მანევრი. აქედან გამომდინარე, ისინი ხვდებიან, რომ თავი ჩაიგდეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ორი არჩევანი აქვთ – ცუდი და უარესი. ცუდია შემოსვლა და უარესია – არშემოსვლა. ისინი ცდილობენ, თანდათან უკან დაიხიონ და მოძებნონ, გამოსავალი მათთვის შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან და იმ კრიზისიდან, რაშიც საკუთარი თავი ოპოზიციამ ჩაიგდო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.