ირაკლი კობახიძე - რეზოლუციას კენჭი ეყრება ერთიანად, „ნაცმოძრაობისგან“ მოვისმინეთ ტყუილი, თითქოს შეგვეძლო, ცვლილების გამოკლებით დაგვეჭირა მხარი
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზოგადად, რეზოლუციას კენჭი ეყრება ყველა ცვლილების გათვალისწინებით, რომელიც მასშია ასახული.
მისივე თქმით, არ არის შესაძლებელი, რომ რეზოლუციას რომელიმე ცვლილების გამოკლებით დაუჭირო მხარი. როგორც კობახიძე ამბობს, ამ საკითხთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობისგან“ ტყუილი მოისმინეს.
„ნაცმოძრაობისგან“ ტყუილი მოვისმინეთ, თითქოს ჩვენ შეგვეძლო, მხარი არ დაგვეჭირა ცვლილებისთვის და ცვლილების გამოკლებით დაგვეჭირა მხარი. როცა საბოლოოდ კენჭისყრაზე რეზოლუცია გამოდის, მას კენჭი ეყრება ერთიანად, ყველა ცვლილების გათვალისწინებით, რომელიც მასშია გათვალისწინებული და ასახული. არ ვიცი, მათ ასეთი ტყუილებით ვინ უნდა დააჯერონ. სინამდვილეში, ბოლოს, როცა კენჭისყრაზე რეზოლუცია გამოვიდა, მასში იყო ასახული ჩანაწერი ერთ-ერთი მთავარი კრიმინალის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ. არ ვიცი, ამ ტყუილებით რამდენ ხანს ეცდებიან ფონს გასვლას, მაგრამ ვერც გადიან. ეს იყო მარტივი ტყუილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება „მოქალაქეების“ წევრ, ლევან იოსელიანის განცხადებას, რომ ევროპის საბჭოს რეზოლუციას მხარი დაჭირა, თუმცა ხმა არ მისცა მის მეოთხე შესწორებას, სადაც სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრადაა მოხსენიებული, კობახიძემ განმარტა, რომ იოსელიანმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო ასამბლეას ხელმძღვანელობას მიმართა.
„მან ასეთი პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა – როცა რეზოლუციას კენჭი ეყრებოდა, თითი არ მიაჭირა ღილაკს და შემდეგ მიმართა პასე-ს ხელმძღვანელობას, რომ ის მხარს უჭერდა რეზოლუციას, ოღონდ იმ ცვლილების გარეშე. რეალურად, თუ კენჭისყრის შედეგებს ჩახედავთ, ნახავთ, რომ იქ იოსელიანის გვარი არ არის ასახული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძემ რუსეთის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როცა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს ასეთი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, საკითხის საქართველოს მხრიდან ინიცირება სწორი არ იქნება.
„მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს ასეთი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. ასეთ პირობებში ჩვენი მხრიდან საკითხის ინიცირება სწორი არ იქნება. საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას დაველოდებით, ამის შემდეგ ვნახოთ, სხვადასხვა საკითხზე მსჯელობა შეიძლება“, – აღნიშნა კობახიძემ.