ირაკლი კობახიძე - რევოლუციური სცენარი საქართველოში ვერ განხორციელდება და მოვუწოდებ ყველას, თავი აარიდონ პროვოკაციებს
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საარჩევნო გარემოს და მმართველი პარტიის ხედვებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ხელისუფლების მთავარი მიზანია თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდ გარემოში არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა.
„მთავარი მიზნისკენ იქნება მიმართული ჩვენი ყურადღება ხვალაც და არჩევნების დღესაც. მთლიანობაში, გარემო არის მშვიდი, თავისუფალი და სამართლიანი. არის გარკვეული ინდივიდუალური გადაცდომები, მაგრამ მთლიანობაში ეს არ აისახება სურათზე“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, შექმნას აგრესიული გარემო.
„ამას ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში. ისინი ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას, ხშირად საუბრობენ რევოლუციურ სცენარზე. ამაზე საუბრობდნენ სააკაშვილი, ვაშაძე, „ნაცმოძრაობის“ სხვა ლიდერები. იმედია, მათ ეს განზრახვა არ ექნებათ ბოლომდე გონებაში. ჩვენ ასეთ შემთხვევაში უზრუნველვყოფთ წესრიგის დაცვას. რევოლუციური სცენარი საქართველოში ვერ განხორციელდება და მოვუწოდებ ყველას, თავი აარიდონ პროვოკაციებს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა, რომელშიც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც მონაწილეობდა, დღეს გაიმართა.