ირაკლი კობახიძე - რესურსების მოზიდვა ჩვეულებრივი მოვლენაა საშტაბო მუშაობის ფარგლებში, ლოგიკურია, რომ ბიზნესი თანხებს სწირავს მმართველ პარტიას და არა ოპოზიციას, კარგად იციან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელწერა
ლოგიკურია, რომ ბიზნესი თანხებს სწირავს მმართველ პარტიას და არა ოპოზიციას, კარგად იციან, როგორია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელწერა ბიზნესთან მიმართებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, რესურსების მოზიდვა ჩვეულებრივი მოვლენაა საშტაბო მუშაობის ფარგლებში.
„მე ვარ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და ე.წ. ფანრეიზინგი, ანუ რესურსების მოზიდვა არის ჩვეულებრივი მოვლენა საშტაბო მუშაობის ფარგლებში. მათ შორის ის, რომ კონკრეტული რეგიონიდან ხდება თანხების მობილიზება კონკრეტულ დროის მონაკვეთში. ესეც არის ე.წ. ფანრეიზინგის შედეგი, მიზანმიმართულად ხდება თანხების მოზიდვა, რათა საარჩევნო შტაბმა სათანადოდ იმუშაოს.
ბიზნესის თავისუფლებას რაც შეეხება, ეს პირდაპირ კავშირშია ბიზნესის თავისუფლებასთან. იცით, რა მდგომარეობაში იყო ბიზნესი საქართველოში 2004-2012 წლებში, ბიზნესის რეკეტი იყო სისტემური მოვლენა ქვეყანაში, პრაქტიკულად, ბიზნესმენი არ დატოვეს რეკეტის გარეშე. ასეთ პირობებში აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ბიზნესმენები დღეს თანხებს სწირავენ მმართველ პარტიას და არა ოპოზიციას. ყველაზე მეტად თუ ვინმეს ეშინია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების, პირველ რიგში, ეს არის ბიზნესი, რადგან კარგად იციან, როგორია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, „ნაცმოძრაობის“, „ლელოს“ ლიდერების ხელწერა, სხვების ხელწერა ბიზნესთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ბიზნესი თანხებს სწირავს მმართველ პარტიას და არა ოპოზიციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.