ირაკლი კობახიძე - ენდიაის რეიტინგებში მიხეილ სააკაშვილის მესამე ადგილი არის ზღაპარი
რეიტინგებში მიხეილ სააკაშვილის მესამე ადგილი არის ზღაპარი, „ნაციონალური მოძრაობა” რღვევის პირასაა და მათთვის შეიძლება ის 43 პროცენტი საოცნებო გახდეს, რაც ზუგდიდში მიიღეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) პოლიტიკოსების რეიტინგებს გამოეხმაურა.
კობახიძის თქმით, შუალედურ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილს პასუხი ძალიან მკაფიოდ გაეცა.
„რაც შეეხება პოლიტიკოსების რეიტინგებს, ჯერ სააკაშვილის მესამე ადგილი არის ზღაპარი, ეს ამ არჩევნებში ძალიან კარგად იხილეთ. ამ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილს პასუხი ძალიან მკაფიოდ გაეცა. მისი მეუღლე არჩევნებში, ზუგდიდში მონაწილეობდა და „ნაციონალური მოძრაობისა” და მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოსახლეობის განწყობა დაფიქსირდა. ეს ზუგდიდი იყო, სადაც მათი ვითარება ბევრად უკეთესია, ვიდრე საშუალო მდგომარეობა. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით 43 პროცენტი გასაკვირი არ იყო. ვხედავთ, რომ ეს პარტია რღვევის პირას არის და მათთვის ის 43 პროცენტი შეიძლება საოცნებო გახდეს, რაც ზუგდიდში მიიღეს”, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რეიტინგსაც გამოეხმაურა.
„კვლევის სიღრმეში არ შევალ ზუსტად იმავე მიზეზის გამო, როცა ერთ ნაწილში გაქვს ამხელა ცდომილება, ბუნებრივია, სხვა ნაწილშიც მოსალოდნელია, რომ ცდომილება იქნება ძალიან დიდი”, – განაცხადა კობახიძემ.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსებისადმი დადებითი დამოკიდებულების რეიტინგში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მესამე ადგილზეა. მის მიმართ გამოკითხულთა 31 პროცენტს დადებითი დამოკიდებულება აქვს, ხოლო უარყოფითი – 32 პროცენტს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ამავე კვლევის მიხედვით, მის მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოკითხულთა 21%-ს აქვს, უარყოფითი კი – 39 პროცენტს.