ირაკლი კობახიძე - რეგლამენტი კანონშემოქმედებით პროცესში სახალხო დამცველის მონაწილეობას არ ითვალისწინებს
რეგლამენტი კანონშემოქმედებით პროცესში სახალხო დამცველის მონაწილეობას არ ითვალისწინებს, – ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში მოხსენებით გამოსვლას ითხოვს.
„რეგლამენტი კანონშემოქმედებით პროცესში სახალხო დამცველის მონაწილეობას არ ითვალისწინებს, შესაბამისად, ეს არის შეუძლებელი. კარგად იცით, რეგლამენტი როგორ არის გაწერილი. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის მომხსენებელი რომელიც უნდა იყოს დეპუტატი, ამ შემთხვევაში გამოდის თანამომხსენებელი, ასევე დეპუტატი. სახალხო დამცველის მონაწილეობას არანაირი ფორმით არ ითვალისწინებს რეგლამენტი, რაც ბუნებრივია სწორია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს და აცხადებს, რომ გადაწყვიტა, საქართველოს პარლამენტის წევრებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე და მასში არსებულ ხარვეზებზე მოხსენებით მიმართოს.