ირაკლი კობახიძე - რეალურად, ეკა ბესელიამ აღიარა, რომ მის მიერ მანამდე წარდგენილი კანონპროექტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა
რეალურად, დეპუტატმა, ეკა ბესელიამ აღიარა, რომ კანონპროექტი, რომელიც მანამდე ჰქონდა წარდგენილი, კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას შეფასებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, აღიარება ცალსახა და თვალსაჩინოა.
„არსებობს პოლიტიკური ინტერესი. რეალურად, მან აღიარა, რომ კანონპროექტი, რომელიც მანამდე ჰქონდა წარდგენილი ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციას. ეს აღიარება არის ცალსახა და თვალსაჩინო. რაც შეეხება კონსტიტუციას, კონსტიტუცია არის დახურული თემა, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ განვახორციელეთ საკონსტიტუციო რეფორმა და ყველა ნაწილში დავიმსახურეთ ძალიან დადებითი შეფასება ვენეციის კომისიის მხრიდან, მათ შორის ეს ეხება სასამართლო ხელისუფლების მოწესრიგება-რეგულაციებსაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ყველა ნორმა, რომელიც კონსტიტუციაშია განსაზღვრული, ვენეციის კომისიასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე შემუშავდა.
„ერთადერთი, რაც არ გავიზიარეთ ვენეციის კომისიისგან, იყო პარლამენტის ჩართულობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევაში. ეს არ გავიზიარეთ და როგორც აღმოჩნდა, სწორადაც მოვიქეცით. ამის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება, პარლამენტმა უნდა თქვას საბოლოო სიტყვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესების დროს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამასთან, მისი თქმით, კონსტიტუციაში არ არის შეტანილი არც ერთი ნორმა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზეა ჩამოყალიბებული, გარდა ერთისა, მათი რეკომენდაცია იყო მდივნის თანამდებობის ასახვა კონსტიტუციაში. შესაბამისად, კობახიძის თქმით, განცხადებები ამასთან დაკავშირებით სპეკულაციაა.
„ეს იყო რეკომენდაცია და მეტი არაფერი, ჩვენ გავიზიარეთ. შემიძლია, დავასახელი რამდენიმე ნორმა, რომელიც არ მოეწონა საბჭოს და ჩვენ ავსახეთ კონსტიტუციაში. აქედან გამომდინარე, ეს საუბრები არის სპეკულაციები. თავისი პასუხისმგებლობით საკონსტიტუციო კომისიამ ჩამოაყალიბა დოკუმენტი, რომელიც იქნა შემუშავებული. შეგახსენებთ, კომისიაში ეს ნაწილი ერთხმად იქნა მოწონებული, ეკა ბესელიას, არასამთავრობო ორგანიზებისა და ექსპერტების ჩათვლით. ერთხმად დავამტკიცეთ რეგულაციები, რაც შეეხება სასამართლო ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, თითქოს იუსტიციის საბჭომ დაწერა რაღაც ნორმები, არის მხოლოდ სპეკულაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, რაც შეეხება საერთო სასამართლოების შესახებ კანონს, ის დეტალურად აწესრიგებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესების საკითხს.
„რაც შეეხება საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტს, ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას. ეს არის კანონი, რომელიც დეტალურად აწესრიგებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესებას, არის უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და ღია პროცესი. ვერ დაასახელებთ ვერც ერთ ევროპულ ქვეყანასაც კი, სადაც ასეთი ღია და გამჭვირვალე პროცედურაა დადგენილი უზენაესის მოსამართლეების განწესებისთვის, უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე, ამით შეგიძლია იმსჯელო, თუ ვისი დაწერილია ეს კანონპროექტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
7 მარტს დეპუტატმა ეკა ბესელიამ „საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ინიციატივა წარადგინა. ინიციატივას ხელს აწერს 13 დეპუტატი: ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია, გელა მიქაძე, ემზარ კვიციანი, ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე, ამირან წიკლაური, გია ჟორჟოლიანი.