ირაკლი კობახიძე - რაზეც დღეს თამარ ჩუგოშვილი და ეკა ბესელია გადაირივნენ, ამ სიგიჟეს ამტკიცებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი დღის განმავლობაში
რაზეც დღეს თამარ ჩუგოშვილი და ეკა ბესელია გადაირივნენ, ამ სიგიჟეს ამტკიცებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი დღის განმავლობაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა, რომელმაც პრეზიდენტისთვის „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონპროექტის გადაგზავნასთან დაკავშირებით დღეს მის მიერ გაკეთებული განცხადება განუმარტა.
კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის სტატუსსა და უფლებამოსილების თაობაზე მიმდინარე დავასა და აღნიშნული კანონპროექტის პრეზიდენტისთვის გადაგზავნის პროცედურებს შორის პარალელი გაავლო.
„მინდა, კონსტიტუციის 36-ე მუხლი გაჩვენოთ, სადაც წერია შემდეგი – საქართველოს პარლამენტი ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას. ასევე 45-46 მუხლებია, სადაც საუბარია კანონშემოქმედებასა და ხელმოწერაზე, სადაც ეს თემა პრეზიდენტსაც ეხება, იმას აწესრიგებს. აქ არის 36-ე მუხლი, სადაც წერია, რომ პარლამენტი ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს კანონი 36-ე მუხლის საფუძველზე მივიღეთ. შესაბამისად, ის არ საჭიროებს გაგზავნას პრეზიდენტთან, ამოქმედდება დაუყონებლივ. უკვე ძალაშია ეს კანონი. იქიდან გამომდინარე, რომ ის მიღებულია არა 45-46-ე მუხლების, არამედ 36-ე მუხლის საფუძველზე. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს არც პარლამენტის თავმჯდომარის და არც პრეზიდენტის ხელმოწერა არ სჭირდება. სადაც პრეზიდენტიც იზიარებს პასუხისმგებლობას, იქ არის 45-46-ე მუხლები, იგზავნება პრეზიდენტთან, მაგრამ აქ არის 36-ე მუხლის საფუძველზე და არავის ხელმოწერა არ სჭირდება. შეგიძლიათ, ნახოთ, კონსტიტუცია“, – განაცხადა კობახიძემ.
დამატებით კითხვაზე, რომ პროცედურა არ არსებობს, როცა პარლამენტი პრეზიდენტის გვერდის ავლით აქვეყნებს კანონპროექტს და ის ძალაში ასე შედის, კობახიძე ამის საპასუხოდ ეკა ბესელიასა და თამარ ჩუგოშვილის დღეს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„კომენტარი არის თამარ ჩუგოშვილის, რომელიც ამ ყველაფერზე აღშფოთდა, გადაირია და ეს ყველაფერი ძალაუფლების უზურპაციად შეაფასა. ეკა ბესელია, რომელიც მათი დამცველია, ამბობს, რომ პრეზიდენტს კანონი ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. თუ არ გადააგზავნით, კონსტიტუციას დაარღვევს „ქართული ოცნებაო”. რატომ? 36-ე მუხლით ხომ ვიმოქმედეთ, სად დაირღვა კონსტიტუცია? რაზეც ჩუგოშვილი და ბესელია გადაირივნენ, ამ სიგიჟეს ამტკიცებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი დღის განმავლობაში“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ამ საკითხზე მეტი განმარტება აღარ გააკეთა, თუმცა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე გადაგზავნილია და მათი მხრიდან დღეს ადგილი ჰქონდა მარტივ ხუმრობას, რითიც ოპოზიციის, პრეზიდენტისა და მისი წარმომადგენლების იურისპრუდენცია, განსწავლულობა, კვალიფიკაცია ეჭვის ქვეშ დადგა, რადგან ისინი საკონსტიტუციო სასამართლოში სწორედ სტატუსსა და უფლებამოსილებაზე დავობდნენ.