ირაკლი კობახიძე - რაში გჭირდებათ ეუთო/ოდირის ან სხვა ინსტიტუციის ჩანაწერი, როცა მიხაელ როთი გერმანიის ბუნდესტაგის შენობიდან რადიკალური ოპოზიციისთვის კამპანიას ატარებს
რაში გჭირდებათ ეუთო/ოდირის ან სხვა ინსტიტუციის ჩანაწერი, როცა მიხაელ როთი გერმანიის ბუნდესტაგის შენობიდან რადიკალური ოპოზიციისთვის კამპანიას ატარებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეუთო/ოდირის მიერ ერთადერთი იდენტიფიცირებული პრობლემა არის პოლარიზაცია, დანარჩენი კი უბრალოდ ჭორაობაა.
„არჩევნებამდე 2-3 კვირით ადრე როცა მიდის საუბარი სანქციებზე, როცა ევროპარლამენტი და ბუნდესტაგი იღებს რეზოლუციას, როდესაც გამოდის ბუნდესტაგის ერთ-ერთი წევრი, მიხაელ როთი და პირდაპირ ბუნდესტაგის შენობიდან ატარებს საარჩევნო კამპანიას, ეს ხომ ფაქტებია, ყველაფერს აქვს თავისი მყარი საფუძველი. შეიძლება, საბოლოო ანგარიშში მოხვდეს, იდარდეთ იმაზე, რომ ეუთო/ოდირმა პოლარიზაციის გარდა ვერცერთი არსებითი პრობლემა ვერ დაინახა საარჩევნო გარემოში.
ამან ეს მითხრა, იმან ეს მითხრა, ეს არ არის პრობლემის იდენტიფიცირება, ერთადერთი პრობლემა, რაც აქვს იდენტიფიცირებული ეუთო/ოდირს, ეს არის პოლარიზაცია. ეს არ არის კონკურენტული არჩევნების კუთხით პრობლემები, ეს არ არის სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების კუთხით პრობლემები. ერთადერთი იდენტიფიცირებული პრობლემა არის პოლარიზაცია, დანარჩენი არის უბრალოდ ჭორაობა, რისი ციტირებაც ევალება ეუთო/ოდირს ნებისმიერ ქვეყანაში“, – აღნიშნა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით თუკი პრეტენია არსებობდა, ეს უკვე ასახული უნდა ყოფილიყო ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნაში.
„რაში გჭირდებათ სხვა ინსტიტუციის მტკიცება ან ჩანაწერი, მიხაელ როთი გერმანიის ბუნდესტაგის შენობიდან ატარებს კამპანიას რადიკალური ოპოზიციისთვის, აქ რაში გჭირდებათ ეუთო-ოდირი? თუ რაღაცის იდენტიფიცირება არ მოხდა 2 კვირით ადრე და რაღაცას ჩაწერენ 2 კვირაში, რა თქმა უნდა, ამას ფასი ვერ ექნება. რაღაც პრეტენზია თუ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, ეს პრეტენზია უნდა ყოფილიყო ასახული უკვე შუალედურ ანგარიშში. თუ ეს შეიცვალა რაიმე არსებითი ფორმით, გამოდის, რომ ვიღაცამ ზემოქმედება მოახდინა ეუთო/ოდირზე, რაც მე არ მგონია, რომ ასე მოხდეს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.