ირაკლი კობახიძე - რამდენიმე საარჩევნო უბანთან ფიქსირდება მცირე ინციდენტები, რომელთაც ძირითადად წინ უსწრებს პარტიული ტელევიზიების მისვლა, შეიძლება დამთხვევაა, დასკვნები თქვენთვის მოგვინდვია
არჩევნები წარიმართება არსებითად მშვიდ გარემოში, არსებითი ხარვეზების გარეშე. ფიქსირდება გარკვეული მღელვარება და რამდენიმე საარჩევნო უბანთან მცირე ინციდენტები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ უბნებთან მღელვარებასა და მცირე ინციდენტებს ძირითადად წინ უსწრებს ხოლმე ადგილზე პარტიული ტელევიზიების მისვლა, შეიძლება დამთხვევაა.
„დასკვნები თქვენთვის მოგვინდვია. აღსანიშნავია, რომ ფიქსირდება მაღალი აქტივობა, რისთვისაც თითოეულ ამომრჩეველს მადლობა გვინდა გადავუხადოთ. ჩვენი ადგილობრივი საარჩევნო შტაბებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იგებს არჩევნებს. უკვე 15:00 საათისთვის სულ მცირე 700 ათასზე მეტმა ჩვენმა მხარდამჭერმა მისცა ხმა ჩვენს პარტიასა და კანდიდატებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს აქტივისტებსა და მხარდამჭერებს მოთმინებისა და თავშეკავებისაკენ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ. რაც უფრო აქტიური იქნება ამომრჩეველი, მით უფრო ნაკლებად იქნება წარმოდგენილი რადიკალური და დესტრუქციული ოპოზიცია პარლამენტში, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.