ირაკლი კობახიძე - რამდენიმე ოპოზიციური პარტია ერთი პოლიტიკური ძალის რამდენიმე განშტოებაა, ყველა ერთად კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი არიან
ყველაფერი ხელისგულზე დევს ქართული საზოგადოებისთვის, ყველა ხედავს, რომ არის რამდენიმე ოპოზიციური პარტია, რომელიც, რეალურად, არის ერთი პოლიტიკური ძალის რამდენიმე განშტოება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მხოლოდ პირობითია განსხვავება ამ ოთხ ძირითად პარტიას შორის, რომლებზეც მიდის საუბარი, მათ შორის, იმ ორ მთავარ პარტიას შორის, რომლებსაც აქვთ ბარიერის გადალახვის რესურსი.
„რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ისინი ყოველთვის აჩვენებდნენ საკუთარ სახეს. ახლაც ყველაფერი ხელისგულზე დევს ქართული საზოგადოებისთვის. ყველა ხედავს, რომ არის რამდენიმე ოპოზიციური პარტია, რომელიც, რეალურად, არის ერთი პოლიტიკური ძალის რამდენიმე განშტოება. ამას აქვს ერთი მარტივი ახსნა – მათ ჰყავთ ერთი საერთო პატრონი, შესაბამისად, ყველაფერი იქიდან იმართება. მხოლოდ პირობითია განსხვავება ამ ოთხ ძირითად პარტიას შორის, რომელზეც მიდის საუბარი, მათ შორის, იმ ორ მთავარ პარტიას შორის, რომელსაც აქვს ბარიერის გადალახვის რესურსი. ეს არის „ნაცმოძრაობა“ და გვარამიას პარტია. პირობითია ზღვარი მათ შორის. ყველა ერთად არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი, მათ შორის, ისინი უმეტეს შემთხვევაში ერთად მონაწილეობდნენ დანაშაულებში 2012 წლამდე, როცა იყვნენ ხელისუფლებაში ან როცა იყვნენ ასოცირებულები ხელისუფლებასთან, როგორც ეს იყო, მაგალითად, ხაზარაძის შემთხვევაში, რომელიც ჩართული იყო პირდაპირ ბიზნესის რეკეტის საქმეებში, როგორიც იყო „კონსტანტას“ საქმე, „ელიტ ელექტრონიქსის“ საქმე, „მაგნატის“ საქმე და ა.შ. რაც შეეხება მეოთხე პარტიას, რომელსაც უკვე არავითარი რესურსი არ აქვს ბარიერის გადალახვის, ეს არის გახარიას პარტია, მათ ოთხ მუნიციპალიტეტში აქვთ უკვე შექმნილი შემდგარი კოალიცია. გარდა ამისა, მათ ხელი აქვთ მოწერილი ერთობლივ ე.წ. ქარტიაზე, რომლის მიხედვითაც, ისინი ერთიანი დღის წესრიგით გამოვლენ გამარჯვების შემთხვევაში, უკვე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ანუ, აქ აბსოლუტურად გაშიფრულია ყველაფერი“, – განაცხადა პრემიერმა.