ირაკლი კობახიძე - რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ ჩართული იყო წინასაარჩევნო კამპანიაში, რაც არასამთავრობოების ფენომენის დისკრედიტებას ახდენს
ირაკლი კობახიძე - რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ ჩართული იყო წინასაარჩევნო კამპანიაში, რაც არასამთავრობოების ფენომენის დისკრედიტებას ახდენს

პრობლემა, რაც უარყოფითად აისახება საარჩევნო გარემოზე, არის სუსტი სამოქალაქო საზოგადოება, ხაზგასმით ვამბობ, ეს არის სამოქალაქო საზოგადოება და არა არასამთავრობო ორგანიზაციები, რაც სამწუხაროდ, ხელს უშლის საარჩევნო გარემოს შემდგომ გაუმჯობესებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თემაზე: „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“ მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებული პრობლემები ამ კუთხით საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოიკვეთა.

„ამ კუთხით, განსაკუთრებული პრობლემები იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია იყო პირდაპირი ფორმით ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. რაც ბუნებრივია, სერიოზული პრობლემაა და ეს ახდენს ზოგადად იმ ცნების დისკრედიტებას, რასაც ჰქვია არასამთავრობო  ორგანიზაცია. მაგალითად, ყველაზე ერთ-ერთი აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი თავად იყო ინიციატორი „30 თეთრის კამპანიის“, რომელმაც მოღალატედ გამოაცხადა დღევანდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ბუნებრივია, ასეთი ფაქტები პირდაპირ ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ამ ფენომენის დისკრედიტებას. კიდევ ერთ ორგანიზაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ამ კამპანიის ხელშემწყობი ბანერი ჰქონდათ განთავსებული საკუთარ ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი შეფასებით, ეს ძალიან მძიმე ფაქტებია, რაც ყურადღებასა და სათანადო რეაგირებას საჭიროებს.

„ასევე იყო „რუსთავი 2“-ში მონაწილეობის კუთხით, სადაც პირდაპირ ტარდებოდა აგიტაცია ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატების წინააღმდეგ და პირდაპირი იყვნენ ჩართული ამ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები, რომელებიც იმავდროულად, იყვნენ დამოუკიდებელი დამკვირვებლები ამ პროცესის. ბუნებრივია, ეს შეუთავსებელია ერთმანეთთან. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფაქტი იყო ნიკა გვარამიას, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის განცხადების მხარდაჭერა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. საუბარი იყო იმაზე, ვინც მხარს დაუჭერდა სალომე ზურაბიშვილს, ყოფილიყო განკვეთილი სხვადასხა სფეროდან. ეს იყო ფაშისტური განცხადება, პირდაპირი გაგებით ფაშისტური განცხადება, ბოლშევიკური, გინდათ ეს ტერმინი გამოვიყენოთ. არამხოლოდ არ მოხდა რეაგირება მათი მხრიდან ამ განცხადებაზე, არამედ მოვისმინეთ მხარდამჭერი გზავნილები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მსგავს პირობებში, დამოუკიდებელი დაკვირვება ვერ განხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.

„ასევე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ყალბი აიდი ბარათებს თაობაზე, სიების შეგროვების თაობაზე. ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულებები. ბუნებრივია, ჩვენ ინტერესებში იყო, თუ არსებობდა ასეთი ინფორმაცია, ეჭვების გაქარწყლება. ვერანაირი მტკიცებულება ვერ იქნა წარმოდგენილი, რამაც გაამყარა ეჭვები იმის თაობაზე, რომ განცხადების მიზანი იყო ჩვენი ოპონენტის საარჩევნო მხარდაჭერა და მეტი არაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ოპონენტების ერთ-ერთი მთავარი ხაზი კამპანიაში იყო ზაზა ოქუაშვილის თემის გააქტიურება.

„ვერ ახერხებდნენ ამას, რადგან საფუძველი არ ჰქონდათ. საზოგადოებამ კარგად იცის ამის თაობაზე, ვინ რას წარმოადგენს, ვის რა მიზანი ჰქონდა ამ შემთხვევაში და არასამთავრობო ორგანიზაციები, რამდენიმეზეა საუბარი, თუმცა ეს არის ყველაზე მდიდარი ორგანიზაციები, ხელს უწყობდნენ ამ კამპანიის წარმოებას. ეს არის პრობლემები. სამოქალაქო საზოგადოება არის ძალიან სუსტი საქართველოში და ეს მდგომარეობა საჭიროებს გამოსწორებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი შეფასებით, ამაში მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანონ საერთაშორისო პარტნიორებმა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მომავალში გამორიცხული იყოს არასამთავრობოების პირდაპირი მონაწილეობა საარჩევნო აგიტაციაში. ეს ახდენს არა მხოლოდ კონკრეტული არასამთავრობოების, არამედ ზოგადად, მისი ფენომენის დიკრედიტებას -“ განაცხადა კობახიძემ კონფერენციაზე გამოსვლისას.