ირაკლი კობახიძე - რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა არასამთავრობოებმა 12 პუნქტის შესრულების გეგმას კვლავ დესტრუქციული ქმედებებით უპასუხეს, თუმცა ჩვენთვის ეს ვერ იქნება გეგმიდან გადახვევის მიზეზი
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ სამი დღის წინ საზოგადოებას წარუდგინა ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების დეტალური გეგმა, რასაც, სამწუხაროდ, რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა არასამთავრობოებმა კვლავ დესტრუქციული ქმედებებით უპასუხეს.
თუმცა, კობახიძის განმარტებით, „ქართული ოცნებისთვის“ მათი ქმედებები ვერც ერთი შემთხვევაში ვერ იქნება გეგმიდან გადახვევის მიზეზი.
„ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს აწ უკვე ოფიციალურად აღიარებული ევროპული პერსპექტივის გასამყარებლად, „ქართული ოცნება“ ზედმიწევნით შეასრულებს თითოეულ პუნქტს, რისთვისაც ყველა საჭირო ნაბიჯი სათანადო ფორმატში და სათანადო ვადებში გადაიდგმება. ვინც რეალურად არის დაინტერესებული საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტის ნების რეალიზაციით, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციით და ჩვენი ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებით, ბუნებრივია, ამ გეგმის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.