ირაკლი კობახიძე - რადიკალურმა ოპოზიციამ აშშ-ის საელჩოს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობაში დასდო ბრალი, ასეთი დანაშაულის დაბრალება, უკიდურესად უპასუხისმგებლო აქტია
რადიკალურმა ოპოზიციამ ამერიკის საელჩოს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობაში დასდო ბრალი, ამერიკელი დიპლომატებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულის დაბრალება, რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად უპასუხისმგებლო აქტია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მოსამართლეზე ზეწოლა არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა და მეთოდი, რომელსაც ისინი 2004-2012 წლებში აქტიურად მიმართავდნენ და ახლა იმავეში ამერიკის საელჩოს სდებენ ბრალს.
„დღეს კიდევ ერთხელ მინდა, გამოვეხმაურო რადიკალური ოპოზიციის, მისი კუთვნილი მედიასაშუალებების, მისი კუთვნილი სახალხო დამცველისა და მისივე კუთვნილი ენჯეოების მიერ წარმოებულ ანტიდასავლურ კამპანიას, რომელიც გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლის თემას უკავშირდება.
როგორც მოგეხსენებათ, რადიკალურმა ოპოზიციამ ამერიკის საელჩოს დისკრიმინაციაში, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფასა და არაფორმალური მმართველობის მცდელობაში დასდო ბრალი. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ შესაბამისი ქმედება არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
ამერიკელი დიპლომატებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულის დაბრალება, რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად უპასუხისმგებლო აქტია. ერთი წამით წარმოიდგინეთ, მსგავსი რამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რომ გაეკეთებინა – რომელიმე მოსამართლე რომ დაებარებინა და თუნდაც, მისთვის საკამათო გადაწყვეტილების გამო, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რომელიმე სემინარიდან ან კონფერენციიდან მოეხსნა. წარმომიდგენია, რამხელა აჟიოტაჟს შექმნიდნენ ზუსტად იგივე ფაქტის გამო იგივე სუბიექტები. არავითარი ფაქტი არა აქვთ და მოსამართლეებს „კლანს“ უწოდებენ. თქვენ წარმოიდგინეთ, მათ თუნდაც ერთი ასეთი ფაქტი რომ გქონდეთ, მერე რას იზამდნენ. არსებობს ასეთი გამონათქვამი – ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს. რადიკალური ოპოზიციაც, თავისი შიდა და გარე სპიკერებით, ზუსტად ასე იქცევა. ჰგონიათ რომ ამერიკის საელჩოც ისე მოიქცევა, როგორც ისინი მოიქცეოდნენ.
„ნაცმოძრაობას“ და მის შიდა და გარე სპიკერებს მინდა, ვკითხო, გასაგებია, რომ თომას ჯეფერსონის ღირებულებებიდან ძალიან შორს არიან, მაგრამ ამ კაცის სახელი და გვარი მაინც უნდა ჰქონდეთ გაგონილი. როგორ დაუშვეს, რომ დიპლომატებს თომას ჯეფერსონის ქვეყნიდან ასეთი რამის გაკეთება შეეძლოთ“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ამერიკის საელჩო „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდებით მოქმედებას – მოსამართლის დისკრიმინაციას, სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და არაფორმალური მმართველობის მცდელობას არასოდეს იკადრებდა.
„მე ამის ღრმად მწამს. ან ის რატომ ჰგონიათ, რომ ამერიკაში წასვლა-არწასვლის გამო რომელიმე მოსამართლე ვინმემ გავლენის ქვეშ შეიძლება მოაქციოს? ვინმეს მართლაც რომ ეკადრა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება, დარწმუნებული ვარ, ეს, პირიქით, უკუშედეგს გამოიღებდა და ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებდნენ. საქართველოში კარგად იციან ღირსებისა და კოლეგიალობის ფასი და დარწმუნებული ვარ, კოლეგა მოსამართლის დისკრიმინაციის ფონზე, ამერიკაში წასვლას არც ერთი სხვა მოსამართლე აღარ იკადრებდა“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლება გვერდით დაუდგება და დაიცავს თითოეულ მოსამართლეს, რომელიც ბოროტი პოლიტიკური ძალისგან ბულინგისა და ზეწოლის ობიექტი შეიძლება გახდეს.
„2017-2019 წლებში, სამწუხაროდ, ჩვენ არ დავიცავით მოსამართლე თამაზ ურთმელიძე, ისევე, როგორც, „რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველი დანარჩენი 12 მოსამართლე, გვარამიას და „ნაცმოძრაობის“ სხვა სპიკერების ბულინგისგან. ბოლოს, თამაზ ურთმელიძე ისევ სტრასბურგის სასამართლოს დასაცავი გახდა, რომელმაც გვარამიას მხრიდან მისი ბულინგი უმკაცრესად დაგმო. ეს მეორედ აღარ უნდა დავუშვათ“, – აღნიშნა კობახიძემ.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ნებისმიერი მოსამართლე, რომელიც გახდება თავდასხმის ობიექტი, მიიღებს სათანადო დაცვასა და მხარდაჭერას ხელისუფლებისგან.
„ბოლოს, მინდა, ამერიკის საელჩოს მივმართო თხოვნით. მესმის, რომ ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხის გაცემაც კი უხერხულობას ქმნის. ამერიკის საელჩოს მხრიდან უხერხულიც კი იქნება საუბარი იმაზე, რომ სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია, დისკრიმინაცია არ განუხორციელებია, ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობაში არ ჩარეულა და არაფორმალური მმართველობა არ უცდია. თუმცა, სპეკულაციები გრძელდება და ამ სპეკულაციებს ამერიკის საელჩოს ერთი მცირე განცხადება მარტივად დაასრულებდა. თუ საელჩო შესაბამის განცხადებას არ გაავრცელებს, რაც ჩვენთვის სრულიად გასაგები იქნება, ქართულ საზოგადოებას სრული უფლება ექნება მიიჩნიოს, რომ საუბრები მოსამართლის დისკრიმინაციის შესახებ რადიკალური ოპოზიციის მორიგი დემაგოგია და სპეკულაცია იყო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.