ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიციის სურვილია, დეკემბერში სცადონ სისხლიანი რევოლუციის მოწყობა, მაგრამ როგორც შარშან ივნისში ჩავარდა მათი მიზნების განხორციელება, წელსაც ზუსტად ასევე იქნება
ვიღაცას, ვინც ეს განცხადება დაწერა და მიიტანა სახელმწიფო დეპარტამენტში, აქვს სურვილი, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რომ შემდეგ, დეკემბერში სცადოს ქვეყანაში ვითარების არევა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. ყოველ შემთხვევაში, მცდელობა სწორედ ეს არის, აშკარად. როდესაც პოლარიზაციას აღვივებ და, შენი გადმოსახედიდან, ართულებ კანდიდატის სტატუსის მიღებას, სხვა რა ლოგიკური დასკვნა უნდა გამოვიტანოთ აქედან?“, – განაცხადა კობახიძემ.
ამ განცხადებით ირაკლი კობახიძემ გადაცემის წამყვანის კითხვას უპასუხა, შესაძლოა თუ არა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირების გადაწყვეტილებამ გავლენა მოახდინოს ევროინტეგრაციაზე, რადგან ევრორეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტი სწორედ სასამართლო სისტემის რეფორმირებას გულისხმობს, იმის მიუხედავად, რომ ევროკომისიამ დადებითად შეაფასა სასამართლო რეფორმირების ოთხი ტალღა.
მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს სურვილი, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამისთვის პარლამენტი და მთელი მმართველი გუნდი აქტიურად მუშაობს 12 პუნქტის შესრულებაზე.
„ბოლოს რა პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს იქნება დამოკიდებული, რა გავლენების საფუძველზე ფორმირდება ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის სტრუქტურებში. იმედი მაქვს, რომ ამ დროისთვის, დეკემბრისთვის პოლიტიკური კონტექსტიც ოდნავ შეიცვლება ჩვენ სასარგებლოდ, კანდიდატის სტატუსის სასარგებლოდ, თუმცა ვნახოთ, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და გამომდინარე იქიდან, თუ რა იქნება პოლიტიკური ვითარება რეგიონში და ზოგადად ევროპაში იმ დროისთვის, ალბათ ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში გააგრძელებს ყველა ზომის მიღებას, რათა განხორციელდეს ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში.
„ჩვენ, ასეც და ისეც, ყველა შემთხვევაში გავაგრძელებთ ყველა ზომის მიღებას, რათა განხორციელდეს ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ეს არის მხოლოდ სიმბოლური პოლიტიკური განაცხადი და მეტი არაფერი. ატყუებდნენ საზოგადოებას, თითქოს ამასთან იყო დაკავშირებული ქვეყნის აყვავება, ფინანსური ბენეფიტები, სარგებელი, ეკონომიკური ზრდა და ა.შ., რაც ტყუილია. მარტივად რომ შევადაროთ საქართველო მოლდოვას, შარშანდელი მონაცემებით და წლევანდელი პროგნოზით, მარტო ამ ორ წელიწადში, შარშან და წელს დაახლოებით 7-8 მილიარდი დოლარით ვზრდით სხვაობას მოლდოვის და საქართველოს ეკონომიკებს შორის. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ორი წლის განმავლობაში ბიუჯეტებს შორის სხვაობა დაახლოებით ორი მილიარდი დოლარით გაიზრდება. რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას, რომელსაც, მაგალითად, მოლდოვა ყოველწლიურად იღებს ევროკავშირისგან, არის დაახლოებით ასი მილიონი დოლარი“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლების მიზანი არის კანდიდატის სტატუსის მიღება და ამისთვის ყველაფერს აკეთებს, თუმცა რადიკალური ოპოზიცია ქმნის ჭარბ მოლოდინებს, რომლის მიზანია, ჭარბი მოლოდინის პირობებში ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და მერე ეს არეულობისთვის გამოიყენონ.
„ეს წამოსცდა ზურაბ ჯაფარიძეს და მერე, დღევანდელ ტრენინგზე „გირჩის“ წარმომადგენლებმა ეს დააკონკრეტეს. მათი სურვილია, დეკემბერში სცადონ სისხლიანი რევოლუციის მოწყობა. ეს სიტყვები იყო გამოყენებული, სისხლიანი რევოლუციის მოწყობა, როდესაც, მათი გათვლით, ევროკავშირი არ მოგვცემს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ როგორც შარშან ივნისში ჩავარდა მათი მიზნების განხორციელება, წელსაც ზუსტად ასევე იქნება. გამორიცხულია, რომ მათ შეძლონ თავიანთი მიზნების მიღწევა. საქართველოში შენარჩუნდება მშვიდობა, სიმშვიდე და მომავალშიც გვექნება ეკონომიკური წინსვლა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.