ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიცია როდესაც აგებს სპეკულაციებს, გასაგებია, რომ ამას ვერ მოიშლიან, მაგრამ როდესაც იმავეს იმეორებს საქართველოს პრეზიდენტი, შემაშფოთებელია
რადიკალური ოპოზიცია როდესაც აგებს სპეკულაციებს, გასაგებია, რომ ისინი ამას ვერ მოიშლიან, მაგრამ როდესაც იმავეს იმეორებს საქართველოს პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, საწყენი და შემაშფოთებელია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ქვეყნისა და მოსახლეობის არჩეულ გზას“.
„მსგავსი სპეკულაციები ჩვენ სხვებისგან მოვისმინეთ. სამწუხაროა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის სტატუსის მქონე პირი იმავეს იმეორებს, საუბარია, როგორც ვხვდები მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაზე, სადაც ის ამბობდა, რომ ევროინტეგრაცია უნდა განხორციელდეს კონკრეტული პრინციპების დაცვით, ამაზე იყო საუბარი. ჩვენი მხრიდან, ამ პრინციპების წინ წამოწევა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ევროკავშირში უნდა შეხვიდე ღირსებით. ღირსება თუ დაკარგე და სუვერენიტეტი თუ დაკარგე, ასეთ დროს არავითარ ინტეგრაციას ფასი არ აქვს, ეს იყო მიხეილ ყაველაშვილის განცხადების შინაარსი. როდესაც ამაზე რადიკალური ოპოზიცია აგებს სპეკულაციებს, გასაგებია, რომ ისინი ამას ვერ მოიშლიან, მაგრამ როდესაც იმავეს იმეორებს საქართველოს პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, საწყენი და შემაშფოთებელია“, – განაცხადა კობახიძემ.