ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიცია ჯერ ამტკიცებდა, რომ კანდიდატის სტატუსი ნიშნავდა მილიარდობით ევროს, ათას სიკეთეს, ახლა ამბობენ, რომ არაფერი ყოფილა, აქაც მიხედონ ორმაგ სტანდარტებს
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციაში არავის სურს, ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება“ ხალხს არასდროს ატყუებდა, ოპოზიციის რიტორიკა კი იყო, რომ მილიარდობით დოლარს და ევროს მოუტანდა კანდიდატის სტატუსი ქვეყანას. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ოპოზიციას ამჟამად ახალი რიტორიკა აქვს და ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსი საერთოდ არაფერია.
„რაც შეეხება იმას, ვის არ უნდა კანდიდატის სტატუსი, სინამდვილეში, რადიკალურ ოპოზიციაში არავის არ უნდა კანდიდატის სტატუსი, ამას არც მალავენ. გახსოვთ, ადრე თვითმიზნად გამოგვიცხადეს ევროინტეგრაცია და ახლა თურმე საერთოდ არაფერი ყოფილა კანდიდატის სტატუსი. ეს არის ახალი რიტორიკა. აქაც გვქონდა ერთი სტანდარტი. ჩვენ არასდროს ვატყუებდით ხალხს. გახსოვთ მათი რიტორიკა, რომ მილიარდობით დოლარს და ევროს მოუტანდა კანდიდატის სტატუსი ქვეყანას, ეს იქნებოდა ქვეყნის აყვავების საფუძველი და ა.შ. ეს ყველაფერი იყო ტყუილი და თვითონ დღეს ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსი საერთოდ არაფერი ყოფილა. ეს არის მათი ორმაგი სტანდარტი. ჩვენ რასაც ადრე ვამბობდით, რომ კანდიდატის სტატუსი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია, მაგრამ ამას არ მოაქვს არც მილიარდები, არც წევრობის გარანტია და ა.შ. ჩვენი ეს პოზიცია ძალაში რჩება. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ველოდებით კანდიდატის სტატუსის მიღებას, არ ვეტყვით საზოგადოებას ტყუილს, რომ კანდიდატის სტატუსი მოიტანს მილიარდობით ევროს ან რომ ეს ნიშნავს 2 და 3 წელიწადში ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში. მათი სტანდარტი აქაც ორმაგი იყო. ჯერ ამტკიცებდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი ნიშნავდა მილიარდობით ევროს და ათას სიკეთეს, ახლა ამბობენ, რომ არაფერი ყოფილა კანდიდატის სტატუსი. ამიტომ აქაც მიხედონ საკუთარ ორმაგ სტანდარტებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.