ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიცია აგრძელებს სპეკულირებას სანქციების თემასთან დაკავშირებით, რაც მათ ანტისახელმწიფოებრივ მიზნებზე მეტყველებს
ჩამოვიდა ტექნიკური ჯგუფი, რომელმაც სიღრმისეულად შეისწავლა ადგილზე არსებული მდგომარეობა და დადგინდა, რომ არათუ სანქციების გვერდის ავლა არ ხდება საქართველოში, არამედ ათეულობით მცდელობა აღიკვეთა ხელისუფლების მიერ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, რადიკალური ოპოზიცია აგრძელებს სპეკულირებას, რაც მეტყველებს მათ ანტისახელმწიფოებრივ მიზნებზე.
„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი განცხადება მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, თითქოს ხდება სანქციების გვერდის ავლა. ჩამოვიდა ტექნიკური ჯგუფი, რომელმაც დოკუმენტებით შეაფასა ყველაფერი, შეისწავლა ადგილზე არსებული მდგომარეობა სიღრმისეულად და დადგინდა, რომ არათუ სანქციების გვერდის ავლა არ ხდება საქართველოში, ათეულობით მცდელობა აღიკვეთა ხელისუფლების მიერ, რაც არის ფაქტები. ასეთ დროს როცა აგრძელებენ კონკრეტული ძალები სპეკულირებას, მათ შორის, რადიკალური ოპოზიცია როცა აგრძელებს სპეკულირებას, ეს მეტყველებს, რა თქმა უნდა, მათ ანტისახელმწიფოებრივ მიზნებზე. მათ უნდათ, რომ რამენაირად დააზარალონ სახელმწიფოს ინტერესები“, – განაცხადა კობახიძემ.