ირაკლი კობახიძე - რადიკალურ ოპოზიციას ვურჩევ, ჯანსაღ პოლიტიკურ ოპონირებაზე გადავიდნენ და პოლიტიკაში მყოფ ადამიანებს გაუწიონ ოპონირება, დღეს არიან სუსტი, როგორც არასდროს
ირაკლი კობახიძე - რადიკალურ ოპოზიციას ვურჩევ, ჯანსაღ პოლიტიკურ ოპონირებაზე გადავიდნენ და პოლიტიკაში მყოფ ადამიანებს გაუწიონ ოპონირება, დღეს არიან სუსტი, როგორც არასდროს

ამ აუდიო ჩანაწერში საერთოდ არაფერია, ამიტომ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს თემა ვერ აწია. რომც დავუშვათ, ჩანაწერი ავთენტურია, მასში არც არალეგიტიმური და არც ამორალური არაფერია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ეხებოდა ივანიშვილსა და რუს ოლიგარქ ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბრის გავრცელებულ ჩანაწერს, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

კობახიძის თქმით, საუბარია ორ ადამიანს შორის კომუნიკაციაზე და ჩანაწერი იმის საპირისპიროს მიანიშნებს, რასაც „ნაცმოძრაობა“ ამტკიცებს.

„იქიდან გამომდინარე, რომ ბიძინა ივანიშვილს საკითხის გადაწყვეტა არ შეუძლია, მას უწევს სხვა მისამართით ამ ადამიანის გადამისამართება. ეს არის ძალიან მარტივი. ეს ჩანაწერი ზუსტად იმას მიანიშნებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დღეს ჩართული არ არის. იმის საპირისპიროს მიანიშნებს, რასაც „ნაცმოძრაობა“ ამტკიცებს. სანქციებზე მკაფიო პოზიცია გვაქვს. რუსეთთან გარკვეულ ურთიერთობებს ვინარჩუნებთ, მათ შორის სავაჭრო ურთიერთობებს. ომში მყოფი უკრაინაც ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, ეს არის გაზი. გაზის 80 პროცენტის რეექსპორტირება ევროპაში უკრაინის მიერ ხდება. ანუ, უკრაინასაც კი აქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან. პრაგმატულ გადაწყვეტილებას ნებისმიერი სახელმწიფო იღებს. უკრაინამაც პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო, ევროკავშირის ქვეყნებს გაზს თავისი გავლით აწვდის, თვითონაც იბრუნებს ორი ქვეყნიდან გაზს, აქვს სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან, ეს არის პრაგმატული გადაწყვეტილება“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით ვერანაირ სპეკულაციას ადგილი ვერ ექნება.

„პრაგმატულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, სანქციებს არ ვაწესებთ, სანქციების გვერდით ავლაზე მკაფიო პოზიცია გვექნება, რაც დღეს გვაქვს. შესაბამისად, ვერანაირ სპეკულაციას ადგილი ვერ ექნება“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

რაც შეეხება კითხვას, „გამოქვეყნდა „ბილდის“ სტატია, ივანიშვილი რუსეთს სანქციებისგან იხსნის?“, – კობახიძის განცხადებით, იციან, როგორ კეთდება ასეთი შეკვეთილი სტატიები.

„როგორც ჩანს, კონტრაქტიც არის გაფორმებული კონკრეტულ გამოცემასთან, რადგან ეს პირველი შემთხვევა არ არის. ეს მარტივი სპეკულაციებია. ქვეყანას მყარი პოზიცია აქვს. სანქციებზე ჩვენი პოზიცია მკაფიოა – სანქციები არ დავაწესოთ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო გვერდის ავლისთვის არ იყოს გამოყენებული.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, კაცი გასულია პოლიტიკიდან და ეს ადამიანები მაინც ვერ ისვენებენ. ყოველ ჯერზე ცდილობენ მისი სახელის და გვარის ხსენებას. ეს მარტივი სპეკულაციებია, ეს არის არაჯანსაღი პოლიტიკური ოპონირების შემადგენელი ნაწილი. რადიკალურ ოპოზიციას ვურჩევ, ჯანსაღ პოლიტიკურ ოპონირებაზე გადავიდნენ, ოპონირება გაუწიონ იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკაში არიან და არა იმ ადამიანს, რომელმაც საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა პოლიტიკა. ესეც მათ სისუსტეზე მეტყველებს. როდესაც აბსტრაქტულ მხარეს ირჩევ, რათა დაუპირისპირდე ადამიანს, რომელიც გასულია პოლიტიკიდან, ბუნებრივია, ეს ისევ და ისევ მათ სისუსტეზე მეტყველებს. დღეს რადიკალური ოპოზიცია არის სუსტი, როგორც არასდროს, რასაც აქვს ძალიან დადებითი შედეგები პოლიტიკაზე. შედეგი არის ის, რომ პოლარიზაციის ხარისხი  შემცირებულია. დღეს ყველა ვხედავთ, რომ შარშანდელთან შედარებით პოლარიზაციის ხარისხი ბევრად დაბალია. ამას აქვს ერთადერთი მიზეზი, რომ „ნაცმოძრაობა“ წელს ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე იყო შარშან. შესაბამისად, ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს „ნაცმოძრაობის“ შემდგომი დასუსტება, რათა ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხი კიდევ უფრო შევამციროთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.