ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური გეგმები გადაიდო ერთი წლით, როგორც კი წააგებენ საპარლამენტო არჩევნებს, მაშინვე თავიდან ეცდებიან რაღაც აჟიოტაჟის შექმნას
ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური გეგმები გადაიდო ერთი წლით, როგორც კი წააგებენ საპარლამენტო არჩევნებს, მაშინვე თავიდან ეცდებიან რაღაც აჟიოტაჟის შექმნას

რადიკალურ ოპოზიციას შანსი არ აქვს, ბოლომდე მიიყვანოს რევოლუციური გეგმა. ხალხის მხარდაჭერა როცა არ გაქვს, ვერც არჩევნებს მოიგებ და ვერც რევოლუციას მოაწყობ, მაგრამ პრევენცია არასდროს არის ზედმეტი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს, რას ემსახურება პარლამენტის უკანა კართან ორი დამატებითი ჯებირის დამონტაჟება.

„არ ვიცი, რა დამონტაჟდა და რა დამონტაჟდება. ამაზე ვერ გაგცემთ პასუხს, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გვენიჭება კანდიდატის სტატუსი, რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური გეგმები გადაიდო. ხაზგასმით ვამბობ, გადაიდო, მაგრამ გადაიდო ერთი წლით. ყველამ ხომ იცის, რომ როგორც კი წააგებენ საპარლამენტო არჩევნებს, მაშინვე თავიდან ეცდებიან რაღაც აჟიოტაჟის შექმნას. ვიღაც ექსტრემისტი რომ მოგივარდება, უნდა დაიცვა სახელმწიფო შენობა, მით უმეტეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კონკრეტული ინფორმაცია ჰქონდა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი რევოლუციური პროცესების შესახებ.

რადიკალურ ოპოზიციას არავითარი შანსი არ აქვს, წარმატებით მიიყვანოს ბოლომდე რაიმე რევოლუციური გეგმა, მაგრამ პრევენცია არასდროს არ არის ზედმეტი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველამ იცის, როგორც კი წააგებენ საპარლამენტო არჩევნებს – და ძალიან მწარედ წააგებენ – მაშინვე დაიწყებენ რევოლუციურ გეგმებზე ფიქრს, თუმცა ნულოვანი შანსი აქვთ, რომ რევოლუციური გეგმები სისრულეში მოიყვანონ. რევოლუციას სჭირდება ზუსტად იგივე რესურსი, რა რესურსიც სჭირდება არჩევნების მოგებას – ეს არის ხალხის მხარდაჭერა. როცა ხალხის მხარდაჭერა არ გაქვს, ვერც არჩევნებს მოიგებ და ვერც რევოლუციას მოაწყობ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.