ირაკლი კობახიძე - რადიკალურ ოპოზიციას აღიზიანებს ოლივერ ვარჰეის პოზიტიური გზავნილები, მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი
რადიკალურ ოპოზიციას აღიზიანებს ვარჰეის პოზიტიური გზავნილები, მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალიტებს განუცხადა.
„ნაციონალური მოძრაობისთვის“ გადაწყვეტილების ერთადერთი მიმღები პირები არიან კუბილიუსი, ფოტიგა და ასე შემდეგ. ესენი რეალურად არიან ადამიანები, რომლებიც სინამდვილეში არაფერს წყვეტენ, ისინი არიან რიგითი ევროპარლამენტარები. რაც შეეხება ოლივერ ვარჰეის, ის არის ევროკომისარი, რომელიც არის უშუალოდ გაფართოებაზე პასუხისმგებელი. რადიკალურ ოპოზიციას აღიზიანებს ვარჰეის პოზიტიური გზავნილები, რომელიც უკავშირდება ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. თქვენ წარმოიდგინეთ, როგორ აღელდებიან ისინი, როდესაც საქართველოს მიენიჭება რეალურად კანდიდატის სტატუსი. ყველაფრიდან ჩანს, რომ მათ აქვთ ერთადერთი ინტერესი, მიზანი, რომ როგორმე საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამაში ისინი ხედავენ საკუთარ შანსს, რომ დაიბრუნონ ძალაუფლება, რაც ბუნებრივია, არ მოხდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა: „ვხედავთ, რომ საქართველოს დიდ უმრავლესობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს ძალიან ძლიერი მანდატია არა მხოლოდ მთავრობისთვის, არამედ მთელი ქვეყნის პოლიტიკური ელიტისთვის და ყველა იმ პირისთვის, ვინც აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ვამზადებთ საქართველოს“.