ირაკლი კობახიძე - რადიკალურ ოპონენტებს ცესკო-ს ხელოვნური დისკრედიტაცია არ გამოსდით
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ ნეგატიური პიარი ყოველი არჩევნების წინ იწყება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაციას ხელოვნურად ცდილობენ.
„ასეთი ტალღა, ნეგატიური პიარი ცესკო-ს წინააღმდეგ ყოველი არჩევნების წინ იწყება. ეს არის ჩვეულებრივი რამ, რასაც უკვე მივეჩვიეთ. ხელოვნურად ცდილობენ ცესკო-ს დისკრედიტაციას. თუმცა რეალურად არ გამოსდით ეს ჩვენს რადიკალურ ოპონენტებს, რადგან ცესკო ყოველთვის სათანადოდ ასრულებს თავის ფუნქციას და ეს არის დადასტურებული არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნებში“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი შეფასებით, ცესკო ყოველთვის ობიექტურია, საარჩევნო პროცესების ობიექტურ შეფასებას უზრუნველყოფს და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს.
სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, 73 შემთხვევაში საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები არა პროფესიული ნიშნით, არამედ მმართველ პარტიასთან მათი ახლობლობის გამო შეარჩიეს და ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა ოჯახის წევრები დანიშნეს.