ირაკლი კობახიძე - რაც მოვისმინეთ და ვიხილეთ, შემაშფოთებელია, ტერორიზმი არის მსოფლიოსთვის განსაკუთრებული პრობლემა და საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას
რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ და ვიხილეთ, არის შემაშფოთებელი. ტერორიზმი არის მთელი მსოფლიოსთვის განსაკუთრებული პრობლემა და საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილის შესახებ სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.
„ამ საქმეს სჭირდება შემდგომი ჩაღრმავება და ეს ყველაფერი იქნება პარლამენტის დაკვირვების ქვეშ. ყველა კითხვას პასუხს გასცემენ სამართალდამცავი ორგანოები. ეს მათი პრეროგატივაა. აქედან გამომდინარე, დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის შემაშფოთებელი და ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი“, – განაცხადა კობახიძემ.
ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც მაჩალიკაშვილის ტერორისტად მოხსენიებას შეეხებოდა, კობახიძემ აღნიშნა, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი უნდა იყოს დაცული და უნდა დაველოდოთ სამართალდამცავების საბოლოო პასუხებს.
„ეს მათი პრეროგატივაა და, ბუნებრივია, საბოლოო ვერდიქტის გამოტანა არ შემიძლია. დაველოდოთ პასუხებს. დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოები სათანადოდ ჩაუღრმავდებიან საქმეს. ყველა საქმეს სჭირდება სათანადო გამოძიება და დრო. იმ მომენტში ხდება ფაქტობრივი მოცემულობის გასაჯაროება, როდესაც ამას მიიჩნევენ სამართალდამცავი ორგანოები საჭიროდ. ეს არის დამოკიდებული გამოძიების მიმდინარეობაზე, როდესაც ჩაითვალა სწორად, მაშინ გამოქვეყნდა ეს ინფორმაცია“, – განმარტა კობახიძემ.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა კითხვით, „მოსალოდნელია თუ არა, რომ ქისტები ამ ყველაფერს ცუდად მიიღებენ, რადან მათთვის მაჩალიკაშვილი არის მისაბაძი მაგალითი“, რაზეც კობახიძემ უპასუხა:
„ქისტები არიან ჩვენი ძმები. ჩვენ გვაკავშირებს ისტორიული თანაცხოვრება და მეგობრობა. მათთვის ისეთივე მიუღებელია ტერორიზმი, როგორც ქართველებისთვის. აქედან გამომდინარე, თუ ასეთი რამ გამოვლინდება, ბუნებრივია, სათანადო რეაგირება ექნებათ პირველ რიგში ქისტებს. რაც შეეხება მისაბაძ მაგალითს, მისაბაძი მაგალითი უნდა გამომდინარეობდეს სახელმწიფოებრივი მიდგომიდან. უნდა გაირკვეს, ვის აქვს სახელმწიფოებრივი მიდგომა და ვის – არა. ზუსტად ამ პრინციპით ხელმძღვანელობენ ქისტები და ამით იხელმძღვანელებენ მომავალშიც. ისინი არიან ჩვენი საზოგადოების სამაგალითო წევრები. საგამოძიებო ორგანოებმა ყველაფერს უნდა გასცენ სათანადო პასუხი. ეს პასუხი უნდა იყოს დამყარებული კონკრეტულ არგუმენტებზე, ფაქტებზე და ასეთ შემთხვევაში ყველამ უნდა იმოქმედოს სახელმწიფოებრივად. ეს არის მთავარი ამოცანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.