პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დეპუტატ დავით ჭიჭინაძის პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვის გადაწყვეტილებას დაგვიანებულს უწოდებს.
ამასთან, როგორც მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, საპარლამენტო უმრავლესობაში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
„როდესაც, არაერთგზის, თვეების განმავლობაში, კონკრეტული დეპუტატი შეურაცხყოფას აყენებს სხვა დეპუტატებს და კოლეგებს, გუნდის და მთავრობის წევრებს, ბუნებრივია, ეს არის წითელი ხაზების გადაკვეთა და ამაზე დავა, უბრალოდ, შეუძლებელია“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი შეფასებით, ეს დაგვიანებული გადაწყვეტილება იყო, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა.
„რაც შეეხება კონკრეტულად, ამ ერთ შემთხვევას, ეს იყო, მე ვიტყოდი, დაგვიანებული გადაწყვეტილება, თუმცა, ამ დაგვიანებას ჰქონდა თავისი ობიექტური მიზეზები. რაც შეეხება შემდგომ ცვლილებებს უმრავლესობის შემადგენლობაში, ვფიქრობ, ეს მოსალოდნელი არ არის. გვექნება კონსულტაციები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით გუნდში, მათ შორის, კონცეპტუალურ საკითხებზე და ვფიქრობ, შევძლებთ გუნდში ერთიანობის შენარჩუნებას ზუსტად ისევე, როგორც ვახერხებდით ამას გასული სესიების განმავლობაში, გასული ორი წლის განმავლობაში. გუნდი არის ერთიანი, გვაქვს საერთო ხედვა, საერთო პრინციპები და ამ პრინციპების გარშემო ვიქნებით გაერთიანებული მომავალშიც“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის, რაც დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა, არის „ყოველგვარი წითელი ხაზის გადაკვეთა“, რაც აქამდე არც ერთ სხვა დეპუტატს არ გაუკეთებია.
„ის, რაც გააკეთა ამ კონკრეტულმა დეპუტატმა, არ გაუკეთებია არც ერთ სხვა დეპუტატს. როდესაც კოლეგებს უწოდებ კომკავშირელებს, კოლექტიურ ზარდიაშვილებს და ასე შემდეგ, ეს არის ყოველგვარი წითელი ხაზის გადაკვეთა. ასეთი რამ სხვა დეპუტატებს არ გაუკეთებიათ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, შესაბამისად, ბუნებრივია, ვერავის ასეთი მოლოდინი ვერ ექნება. ეს იყო ერთი კონკრეტული დეპუტატი, რომელმაც გადაკვეთა ყველა ზღვარი. ჩემთვის მართლა აუხსნელია, რატომ შეიძლებოდა, მას ეს გაეკეთებინა. არ ვიცი, შეიძლება, რაღაც ეჭვები და ვარაუდები არსებობდეს, მაგრამ ნადვილად აუხსნელია, რომ ასეთი რამე კეთდება კონკრეტული დეპუტატის მხრიდან. რაც შეეხება შემდგომ რამე გადაადგილებას, ეს მოსალოდნელი არ არის. აქტიურ რეჟიმში წარიმართება კონსულტაციები ყველა საკითხთან დაკავშირებით გუნდში და კონსულტაციების საფუძველზე გაგრძელდება მუშაობა უმრავლესობაში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამასთან, მისივე თქმით, წარმოჩენილი იქნა, რომ დავით ჭიჭინაძე პარტიიდან პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო გარიცხეს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დეპუტატმა შეურაცხმყოფელი განცხადება გუნდის არაერთი წევრის მიმართ გააკეთა.
„ასე ცდილობენ წარმოაჩინონ, თორემ ჩამოგითვლით არაერთ წევრს ჩვენი გუნდისას, რომლის მიმართაც შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოვიდა ეს კონკრეტული დეპუტატი, დაწყებული საპარლამენტო უმრავლესობის წევრებით, დამთავრებული, მთავრობის კონკრეტული წევრებით. იყო არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადება ზოგადად გუნდის მიმართ, პარტიის მიმართ. ყველა წითელი ზღვარი გადაიკვეთა. ვუსმენდი კონკრეტულ ე.წ. ექსპერტებს, რომლებიც გაუგონარ რაღაცებს ლაპარაკობდნენ, თითქოს, პარტიული დისციპლინა, ასეთი რამ, არ არსებობს დემოკრატიულ სივრცეში, რაც არის ღიმილისმომგვრელი. დისერტაცია მაქვს დაცული პარტიებთან დაკავშირებით. ვინც ოდნავ მაინც ერკვევა იმაში, თუ როგორ მუშაობს ევროპული პარტიული სისტემები, ყველამ იცის, რომ პარტიული დისციპლინა არის მათი მოგონილი და მათი შენარჩუნებული. სამწუხაროდ, ასეთი ექსპერტები გვყავს. არასწორად ხდება ხოლმე იმ მოვლენების წარმოჩენა, რომელიც ვითარდება პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ. მარტივად რომ წარმოვიდგინოთ რომელიმე ოპოზიციური პარტია: მაგალითად, „ევროპულ საქართველოში“ ოთარ კახიძემ რომ თქვას, ვიღაცებზე, რომ პირობითად, ესენი არიან „გიგა ბოკერიები“ ან „ხათუნა გოგორიშვილები“, ბუნებრივია, ეს გახდება მყისიერად მისი გარიცხვის საფუძველი, ანუ ანბანურ ჭეშმარიტებებზე არ შეიძლება ვიდაოთ. სამწუხაროა, როდესაც ე.წ. ექსპერტები, ხანდაზმული თუ არა ხანდაზმული, ასეთ თემებზე საუბრობენ. არასწორად ხდება ამ ყველაფრის წარმოჩენა. როდესაც, არაერთგზის, თვეების განმავლობაში, კონკრეტული დეპუტატი შეურაცხყოფას აყენებს სხვა დეპუტატებს, კოლეგებს, გუნდის წევრებს, მთავრობის წევრებს, ბუნებრივია, ეს არის წითელი ხაზების გადაკვეთა და ამაზე დავა, უბრალოდ, შეუძლებელია“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, დეპუტატს პარტიის სამდივნოს გადაწყვეტილების გასაჩივრება, წესდების თანახმად, პოლიტსაბჭოში შეუძლია. მისივე განცხადებით, პრინციპული გადაწყვეტილებების მიღებისას, აქტიური კონსულტაციების რეჟიმი მიმდინარეობს პარტიის შიგნით და პირველ რიგში, პარტიის თავმჯდომარესთან.
„დეპუტატს შეუძლია ამის გასაჩივრება პოლიტსაბჭოში და იქ თავისი თვალით ნახავს, ვინ იყო მისი პოლიტიკური პარტიიდან გარიცხვის მომხრე და ვინ – არა. გარწმუნებთ, გვაქვს ძალიან აქტიური კონსულტაციების რეჟიმი პარტიის შიგნით, მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, კონსულტაციები გვაქვს პარტიის თავმჯდომარესთან, როდესაც პრინციპული გადაწყვეტილებები მიიღება.
პოლიტსაბჭოში არის შესაძლებელი ამის გასაჩივრება და ბუნებრივია, იქ შეიძლება, ხელმეორედ განვიხილოთ ეს საკითხი. მაგრამ, რაც შეეხება გარიცხვის საფუძვლებს, ამის ეჭვქვეშ დაყენება, არ ჯდება არანაირ ლოგიკაში. სამწუხაროდ, ასეთი რაღაცეები მოვისმინე ე.წ. ექსპერტების და ჩვენი გუნდის წევრების მხრიდანაც“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ყველასთვის თვალნათელია, რომ გარიცხვის საფუძველი არსებობდა.
„როდესაც კაცი თვეების განმავლობაში შეურაცხყოფას აყენებს თავის თანაგუნდელებს, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, საფუძველი არსებობს და განცხადებები, რომ ვიღაც კრიტიკისთვის გაირიცხა, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ან დაკვეთილია. როგორ შეიძლება, ექსპერტმა ასეთი რამ თქვას, რომ კრიტიკისთვის გაირიცხა ჭიჭინაძე, როცა ყველამ იცის, რომ კრიტიკისთვის არ გარიცხულა. არ ვიცი, ამის უკან რა შეიძლება იდგეს. თუმცა, ვიცით, რომ ქართულ პოლიტიკურ, მედია თუ საზოგადოებრივ სივრცეში ხშირად კეთდება ხოლმე ასეთი ალოგიკური განცხადებები და მერე აღმოვაჩენთ, რომ ამ განცხადებების უკან შეიძლება იდგეს გარკვეული ინტერესები, მათ შორის, მერკანტილური გარიგებებიც“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე დღის წინ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.