ირაკლი კობახიძე - ქვეყნის პარლამენტს ვისი ლეგიტიმაციაც სჭირდება, ეს არის მოსახლეობა, სწორედ ქართველმა ხალხმა მიანიჭა ლეგიტიმაცია, ახალი პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება
არცერთ ქვეყანაში პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია. ეს რომ სხვანაირად იყოს, ვერცერთი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ერთადერთი, ვისი ლეგიტიმაციაც სჭირდება ქვეყნის პარლამენტს, ეს არის მოსახლეობა, ამომრჩეველი, ქართველი ხალხი.
„სწორედ ქართველმა ხალხმა მიანიჭა პარლამენტს ლეგიტიმაცია. რაც შეეხება პარლამენტის პირველ შეხვედრას, ვადები არის დადგენილი კონსტიტუციით. ვვარაუდობთ, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ფორმალური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას და არ დანიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას. ამ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მეათე დღეს, ანუ 25 ნოემბერს შეიკრიბება, ეს არის, რასაც ადგენს საქართველოს კონსტიტუცია“, – განაცხადა კობახიძემ.