ირაკლი კობახიძე - ქვეყანაში სიტუაცია არ არის დაძაბული, იყო მცდელობა, რადიკალურ ოპოზიციას ხელოვნურად დაეძაბა ვითარება, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, არ ვაძლევთ ამის საშუალებას
ქვეყანაში, სამწუხაროდ, დღემდე არის მთავარი ოპოზიციური ძალა, რომელიც არაეთიკურად იქცევა, ცდილობს რადიკალიზმის გაღვივებას, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, არ ვაძლევთ რადიკალიზმის გაღვივებისა და ვითარების დაძაბვის საშუალებას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარი წამალი, როგორ უნდა აღმოიფხვრას ქვეყანაში რადიკალიზმი, არის რადიკალური ოპოზიციის დასუსტება და აღნიშნა, რომ პროცესი აქეთკენ მიდის.
„ქვეყანაში სიტუაცია საერთოდ არ არის დაძაბული. იყო გარკვეული მცდელობა, ხელოვნურად დაეძაბათ ვითარება, თუმცა ნახეთ, რომ 40-კაციანი შეკრება გამართეს. ის, რომ რომელიღაც პოლიტიკოსის შვილების მისამართით იმუქრებიან, ეს არის დაძაბულობა. ეს მეტყველებს ერთ რამეზე. ქვეყანაში არის პოლიტიკური ძალა და სამწუხაროდ, დღემდე არის მთავარი ოპოზიციური ძალა, რომელიც არაეთიკურად იქცევა, ცდილობს რადიკალიზმის გაღვივებას, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მათ არ ვაძლევთ რადიკალიზმის გაღვივებისა და ვითარების დაძაბვის საშუალებას. დაძაბული სინამდვილეში არაფერი არ არის, ქვეყანა ვითარდება სათანადოდ. ერთადერთი არის ქარიშხალი ჭიქაში, რომელიც ძირითადად ტრიალებს „ნაცმოძრაობის“ კუთვნილ ტელევიზიებში. მათ აქვთ სამი ტელევიზია და ცდილობენ ქარიშხალის დატრიალებას. სინამდვილეში, ქვეყანაში არის სიმშვიდე, მშვიდობა და ამ ყველაფრის შედეგია ორნიშნა ეკონომიკური ზრდაც.
რა თქმა უნდა, ვითარება იდეალური არ არის. პოლიტიკურ სისტემაში არის ისეთი მოცემულობა, რომელიც არ არის სასურველი ქვეყნის სტაბილური განვითარების მტკიცედ უზრუნველყოფისთვის. ასეთი პოლიტიკური ძალა როდესაც ქვეყანაში არის მთავარი ოპოზიციური ძალა, ასეთ დროს ქვეყნის პოლიტიკური სისტემა ბოლომდე ჯანსაღად ვერ შეფასდება. ამას სჭირდება მუდმივი მუშაობა. ჩვენი აზრით, მთავარი წამალი, როგორ უნდა აღმოიფხვრას რადიკალიზმი, არის რადიკალური ოპოზიციის დასუსტება და აქეთკენ მიდის პროცესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.