ირაკლი კობახიძე - ქვეყანაში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა დამოუკიდებლობისათვის, წარსულის საფუძვლიან ცოდნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს
ირაკლი კობახიძე - ქვეყანაში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა დამოუკიდებლობისათვის, წარსულის საფუძვლიან ცოდნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

ქვეყანაში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, წარსულის საფუძვლიან ცოდნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში, დამოუკიდებლობის დარბაზის გახსნაზე განაცხადა. დარბაზის გახსნა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან ასი წლის იუბილეს ეძღვნება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ღონისძიებას მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ანდრიან კანდუსთან ერთად დაესწრო, რომელიც საქართველოში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, 1918 წელს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა იყო ქართველი ხალხის გამარჯვება და მას ათწლეულების განმავლობაში საფუძველს უყრიდა ილია ჭავჭავაძე, რომლის სახელსაც დღეს ეროვნული ბიბლიოთეკა ატარებს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ასი წლის წინ მოპოვებული დამოუკიდებლობა ხანმოკლე აღმოჩნდა, პირველი რესპუბლიკის არსებობის სამმა წელიწადმა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე წარუშლელი კვალი დატოვა.

„ზუსტად ასი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ჩვენმა წინაპრებმა 1918 წელს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადეს.

ეს იყო ქართველი ხალხის, ქართული საზოგადოების, ჩვენი საზოგადო მოღვაწეების უდიდესი გამარჯვება. ეს იყო გამარჯვება, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში საფუძველს უყრიდა ჩვენი უდიდესი საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძე, რომლის სახელსაც ატარებს დღეს ჩვენი ეროვნული ბიბლიოთეკა. საუკუნის წინ, საერთო იდეის ირგვლივ გაერთიანებულმა ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა სწორედ ის მიზნებია, რომლის მისაღწევად არაფერს დაიშურებს.

მიუხედავად იმისა, რომ მოპოვებული დამოუკიდებლობამ დიდხანს არ გასტანა და  ხანმოკლე აღმოჩნდა, პირველი რესპუბლიკის დაფუძნების წინაისტორიამ და არსებობის სამმა წელიწადმა წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას უშუალოდ უკავშირდება  ისეთი უმნიშვნელოვანესი მოვლენები, როგორიცაა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, ასევე, პირველი დემოკრატიული კონსტიტუციის მიღება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნება და სხვა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში, რომელიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს წარსულის საფუძვლიან ცოდნას. მისი თქმით, დამოუკიდებლობის დარბაზი დამთვალიერებლებს წართმეული დამოუკიდებლობისა და მისი უკან დაბრუნებისთვის ბრძოლის შესახებ უამბობს.

„ქვეყანაში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, წარსულის საფუძვლიან ცოდნას, ბუნებრივია, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დღეს ჩვენ ვიმყოფებით იმ სივრცეში, რომელიც დამთვალიერებლებს წართმეული დამოუკიდებლობისა და მისი უკან დაბრუნებისთვის ბრძოლის შესახებ უამბობს. ეს სივრცე გვამოგზაურებს საუკუნეში, რომელმაც ბევრი ტკივილი და დანაკარგი მოგვიტანა, მაგრამ ამასთან ერთად, მოგვიტანა უმთავრესი ეროვნული გამარჯვება – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა“,- მიმართა დამსწრეებს ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ამ მოვლენებისადმი ახალგაზრდა თაობის ინტერესის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით. ქართველმა ხალხმა ბევრი იბრძოლა იმისთვის, რომ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობას აღნიშნავდეს.

„დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ამ მოვლენებისადმი ახალგაზრდა თაობის ინტერესის მნიშვნელობას. საქართველოს ისტორია და ისტორიულიგამოცდილება ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარების ფუნდამენტია. ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ დღეს აქ ვიდგეთ და ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ერთად აღვნიშნავდეთსაქართველოს დამოუკიდებლობას. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მემკვიდრეობა, რომელიც წინაპრებისგან დაგვრჩა, გაფრთხილებას საჭიროებს. დამოუკიდებლობის დარბაზიცსწორედ ამას შეახსენებს აქ შემოსულ თითოეულ ადამიანს, შეახსენებს იმას, რომ არაფერია ამ ქვეყნად იმაზე ძვირფასი, ვიდრე თავისუფალი და დამოუკიდებელი სამშობლო”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მისთვის პატივია, რომ დამოუკიდებლობის დარბაზის გახსნაში მონაწილეობას მოლდოველ კოლეგასთან-ანდრიან კანდუსთან ერთად იღებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველომ და მოლდოვამ კარგად იციან დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასი. სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ გაწეული შრომისთვის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელსა და თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნის, მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ბატონ ანდრიან კანდუსთან ერთად, მონაწილეობას ვიღებ დამოუკიდებლობის დარბაზის გახსნაში. საქართველომ და მოლდოვამ კარგად იციან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი. ამდენად, სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენთან ერთად იმყოფება მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე, რომელსაც მადლობა მინდა გადავუხადო დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით საქართველოში ჩამობრძანებისათვის. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, ბატონ გიორგი კეკელიძეს და ეროვნული ბიბლიოთეკის თითოეულ თანამშრომელს იმ შრომისთვის, რომელიც ამ ეროვნული მნიშვნელობის საქმეში ჩადეს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დამსწრეებს მიმართა მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ. ანდრიან კანდუს განცხადებით, მისთვის პატივია დამოუკიდებლობის დარბაზის გახსნაში მონაწილეობის მიღება.

„უკანასკნელი ასი წელიწადი ქართველი ერისთვის რთული პერიოდი იყო, ეს იყო მიღწევების და გამოწვევების პერიოდი, ისევე, როგორც მოლდოველი ხალხისთვის. დღეს ჩვენ ერთად მივისწრაფვით მეტი კეთილდღეობისკენ და ევროინტეგრაციისკენ“,-განაცხადა მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ. ანდრიან კანდუმ მოლდოველი ხალხის სახელით, ქართველ ერს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და განაცხადა, რომ ქვეყნები საერთო მიზნების მისაღწევად ერთად დგომას გააგრძელებენ.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, დამოუკიდებლობის დარბაზში გამოფენილი ექსპონატები იშვიათი და უნიკალურია. მისი თქმით, დარბაზი დამთვალიერებლებს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასს შეახსენებს.

„ეს დარბაზი არ გულისხმობს მხოლოდ 1918-1921 წლებს, არამედ გულისხმობს მე-19 საუკუნეს, როგორც მომზადებას, საბჭოთა ეპოქას, შემდეგ უკვე ორ 9 აპრილს და თანამედროვე საქართველოს. ექსპონატების უმეტესი ნაწილი არის ძალიან იშვიათი და ზოგიერთი ნაწილი არის ორიგინალიც.  საერთო ჯამში, შევეცადეთ, რომ შეგვექმნა დამოუკიდებლობის მუზეუმი, რომელიც არის გზა თავისუფლებისკენ. თუმცა, ეს დარბაზი არ არის მხოლოდ მემორიალური, ეს არის დარბაზი, რომელიც გულისხმობს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასის შეხსენებას“, – განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

დამოუკიდებლობის დარბაზის გახსნას საქართველოს პარლამენტის წევრები, თბილისის მერი კახა კალაძე, დიპლომატიური კორპუსის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები და პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელთა შთამომავლები დაესწრნენ.