ირაკლი კობახიძე - ქვეყანას სიმშვიდე სჭირდება, ამიტომ თითოეული მოქალაქე პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თავის მოქმედებას
სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებშია, ქვეყანაში ვითარება დამშვიდდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა თბილისში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით.
კობახიძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, სამართალდამცველ სტრუქტურებს, რათა ვითარების ესკალაცია არ მოხდეს.
„ჩვენი, სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებშია, რომ ქვეყანაში ვითარება დამშვიდდეს. აქ არის პასუხისმგებლობა ხელისუფლებისა და მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების, რომ არავის მისცეს ესკალაციის საშუალება და ზუსტად ეს კეთდებოდა გუშინდელი დღის განმავლობაში“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მისი თქმით, პროცესების სიმშვიდე მოქალაქეების პასუხისმგებლობაცაა.
„თითოეულმა მოქალაქემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს პროცესების მშვიდი განვითარება. აქეთკენ მოვუწოდებ იმ ადამიანებსაც, რომლებიც იკრიბებიან თბილისის ქუჩებში. სიმშვიდე სჭირდება დღეს ქვეყანას და საზოგადოებას და ამიტომ პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თითოეული ჩვენი მოქალაქე თავის მოქმედებას და საქმიანობას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.