ირაკლი კობახიძე - ქრისტიანი ერი ვართ და ევროპა ყოველთვის ასოცირდებოდა ქრისტიანობასთან, ეს არის უძლიერესი მიზეზი, რის გამოც გვინდა, ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი   
ირაკლი კობახიძე - ქრისტიანი ერი ვართ და ევროპა ყოველთვის ასოცირდებოდა ქრისტიანობასთან, ეს არის უძლიერესი მიზეზი, რის გამოც გვინდა, ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი  

ჩვენ ქრისტიანი ერი ვართ და ევროპა ყოველთვის ასოცირდებოდა ქრისტიანობასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი ინტერვიუში ამბობს, რომ ევროპა ყოველთვის იყო ერთგვარი ისტორიული და ბუნებრივი არჩევანი საქართველოსთვის და ქართველებისთვის.

„ეს არის ერთ-ერთი ან უძლიერესი მიზეზი, რის გამოც ჩვენ გვინდა, ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ევროპა ასევე ნიშნავს კეთილდღეობის მაღალ დონეს, რაც ქართველებისთვის განვითარებას ნიშნავს, ამიტომ ჩვენ ძალიან ერთგული ვართ საქართველოს ამ საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ევრონიუსი“ წერს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტ მომენტში გაიმართება, რადგან ქვეყანაში ეს პირველად სრულად პროპორციული სისტემით მოხდება.

„ევრონიუსის“ თანახმად, ფსონები მაღალია და შედეგმა, შეიძლება, პოტენციურად განსაზღვროს ქვეყნის მომავალი ინტეგრაცია ევროკავშირში და მისი გასვლა რუსეთის გავლენისგან.

„არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, საქართველოში პოლიტიკური ლანდშაფტი სულ უფრო პოლარიზებულია, გამოკითხვები აჩვენებს არასანდო და ურთიერთგამომრიცხავ პროგნოზებს. მაშინ, როდესაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ კენჭისყრას „მშვიდობასა და ომს“ შორის არჩევნად აყალიბებს, ოპოზიციური პარტიები არჩევნებს ხედავენ, როგორც ბრძოლას დემოკრატიულ დასავლეთსა და ავტორიტარულ რუსეთს შორის“, – წერს „ევრონიუსი“.

კითხვაზე, იქნება თუ არა, მოლდოვის მსგავსად, საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევა, ირაკლი კობახიძე პასუხობს: „შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთი არ არის გავლენიანი საქართველოში. არ არსებობენ პოლიტიკური პარტიები, სადაც ისინი ისარგებლებენ თავიანთი გავლენით, არანაირი გავლენა მედიაარხებზე არ აქვთ, ამიტომაც რუსულ მხარეს არსებითად არ შეუძლია გავლენის მოხდენა საქართველოს არჩევნებზე”.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სრულ ინტერვიუს „ევრონიუსი“ 25 ოქტომბერს გაავრცელებს.