ირაკლი კობახიძე - „ქოლცენტრების“ დანაშაული 2018 წელს დაიწყო, მაშინ შს მინისტრი იყო გახარია, გამოდის, რომ ამ პარტიის ლიდერს სცოდნია დანაშაულის თაობაზე და ამას ხელს აფარებდა
„ქოლცენტრების“ დანაშაული 2018 წელს დაიწყო, მაშინ შს მინისტრი იყო გიორგი გახარია, რომელიც შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდა, გამოდის, რომ ამ პარტიის ლიდერს სცოდნია დანაშაულის დაწყებისა და გაგრძელების თაობაზე, ამას ხელს აფარებდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კომიკურ მდგომარეობაში არიან გახარიას პარტიისა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები.
„მათი მიზანია, რომ პიარულად კეზერაშვილს გადაეფარონ, რომელიც სათითაოდ აფინანსებს რადიკალურ ოპოზიციაში მყოფ პარტიებს. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს აწყობთ, რომ კეზერაშვილს პიარულად გადაეფარონ, რომელიც ამ საქმეში მთავარი დამნაშავეა. ის 2018 წლიდან ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს. ერთ-ერთი არგუმენტი, რის გამოც გიორგი გახარიას გუნდმა ეს ინიციატივა დააყენა, ის იყო, რომ თითქოს მთავრობის ცოდნის გარეშე ასეთი დანაშაული ვერ იქნებოდა ჩადენილი. მინიშნება იყო იმაზე, რომ თითქოს მთავრობა მფარველობდა ამ ყველაფერს. მინდა, შეგახსენოთ, რომ როცა 2018 წელს ეს დანაშაული დაიწყო, მაშინ შს მინისტრი იყო გიორგი გახარია, რომელიც შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდა. გამოდის, რომ ამ პარტიის ლიდერს სცოდნია დანაშაულის დაწყებისა და გაგრძელების თაობაზე და ამას ხელს აფარებდა. ამ კომიკურ მდგომარეობაში არიან ამ პარტიისა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. დღემდე ეფარებიან კეზერაშვილს“, – განაცხადა კობახიძემ.