ირაკლი კობახიძე - ქართველი ხალხის სახელით საუბარი არ არის არცერთი ელჩის საქმე, მით უმეტეს, როდესაც აფასებ 150 „ნაციონალის“ აქციას
რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი განცხადება იყო, ასე არავინ ფიქრობს, რაც თქვა კელი დეგნანმა, ასე არ ფიქრობენ საქართველოში საზოგადოების წარმომადგენლები, რომ არცერთი რუსი არ უნდა შემოვიდეს საქართველოში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
კობახიძის თქმით, საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა არის სხვა აზრზე.
„როდესაც მარტივად ამბობ ისეთ ფრაზებს, რაც უკავშირდება ქვეყნის მიერ მილიარდი დოლარის დაკარგვას, არ ვიცი, რა შეფასება უნდა გავაკეთო. ქართველი ხალხით საუბარი არ არის არცერთი ელჩის საქმე, მით უმეტეს, როდესაც აფასებ 150 „ნაციონალის“ აქციას და ამას არქმევ ქართველი ხალხის პროტესტს, ეს ხომ გაუგებარია?! იგივე თქვა სალომე ზურაბიშვილმა, იგივე თქვა ერთ-ერთმა ელჩმა. საზოგადოება შეაფასებს ამ ყველაფერს, ეს უბრალოდ არასწორია“, – განაცხადა კობახიძემ.