ირაკლი კობახიძე - „ქართულმა ოცნებამ“ წარმოაჩინა, რომ სწორედ ჩვენ ვართ პროევროპული, პროდასავლური, პროამერიკული ძალა, რომელიც უსმენს დასავლელ პარტნიორებს
ირაკლი კობახიძე - „ქართულმა ოცნებამ“ წარმოაჩინა, რომ სწორედ ჩვენ ვართ პროევროპული, პროდასავლური, პროამერიკული ძალა, რომელიც უსმენს დასავლელ პარტნიორებს

ზღვარი გაივლო. „ქართულმა ოცნებამ“ წარმოაჩინა, რომ სწორედ ჩვენ ვართ პროევროპული, პროდასავლური, პროამერიკული ძალა, რომელიც უსმენს დასავლელ პარტნიორებს. მეორე მხრივ, ოპოზიციამ გამოავლინა ის, რომ მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, რაზე საუბრობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, – ამის შესახე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უსმენს დასავლელ პარტნიორებს.

„ეს გამოჩნდა მაგალითად, როდესაც ჩვენ პირველ დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი და ოპოზიციამ თქვა კატეგორიული უარი. ზღვარი მკაფიოდ ივლება, „ქართული ოცნება“ არის სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უსმენს დასავლელ პარტნიორებს და ოპოზიცია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აკეთებდა საპირისპიროს, თუმცა იმედია, ისინიც გადაერთვებიან პროდასავლურ რიტორიკაზე მომავალში. კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა დამატებით, ეს შეთანხმება და ეს პროცესი როგორც გრძელდება, საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, თამამად წარადგენს განაცხადს 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

მთელი ამ დღეების განმავლობაში მქონდა აქტიური კომუნიკაცია ჯერ ამერიკელ კოლეგებთან, მეგობრებთან, შემდეგ ევროპელ პარტნიორებთან. ეს კომუნიკაცია ახლაც გრძელდება და მათი დამოკიდებულება პროცესის მიმართ არის ძალიან კარგი. მათი დამოკიდებულება არის გამორჩეულად კარგი „ქართული ოცნების“ მხრიდან, გამომდინარე იმ ნაბიჯებიდან, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნა გადადგმული. ისინი პირდაპირ შემიძლია ვთქვა, არიან აღფრთოვანებული იმ ნაბიჯებით, რომელსაც დგამს „ქართული ოცნება“ იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარდეს სწორი მიმართულებით. ეს არის მათი დამოკიდებულება. რაც შეეხება პროცესის გაგრძელებას, ამასთან დაკავშირებით არის მყარი გარანტიები. საბოლოო ჯამში, პროცესი დასრულდება ისე, რომ ყოველგვარი საუბარი ამ ხელოვნურ კრიზისზე, რომელიც იყო შექმნილი, დასრულდება და ეს დასრულდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.