ირაკლი კობახიძე - ქართული პარლამენტარიზმი უკვე მთელი საუკუნეა, ადასტურებს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების წყურვილსა და უნარს, იყოს დემოკრატიული სამყაროს ღირსეული წევრი
საქართველოს პირველი პარლამენტის, სახალხოდ, თავისუფლად და დემოკრატიულად არჩეული დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა ზუსტად 100 წლის წინ, 1919 წლის 12 მარტს გაიხსნა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართული პარლამენტარიზმის ისტორიას. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ამ ისტორიული მოვლენის 100 წლისთავს ვხვდებით დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში, რომლის პარლამენტიც ღირსეულად აგრძელებს ჩვენი დიდი წინაპრების მიერ შექმნილ დემოკრატიულ ტრადიციას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, საქართველოს დამფუძნებელი კრების მეასე წლისთავის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართული პარლამენტარიზმი უკვე მთელი საუკუნეა, ადასტურებს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების წყურვილსა და უნარს – იყოს დემოკრატიული სამყაროს ღირსეული წევრი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 1919 წელს არჩეული დამფუძნებელი კრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ეს თარიღი, სიმბოლური თვალსაზრისით, განასახიერებს ქართული საზოგადოების ლტოლვას დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისაკენ, პოლიტიკური თვალსაზრისით კი, შეგვახსენებს, რომ თანამედროვე საქართველოს დემოკრატიულ პოლიტიკურ ინსტიტუტებს საფუძველი ჯერ კიდევ 100 წლის წინ ჩაეყარა. დამფუძნებელი კრების მნიშვნელობაზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კრების გახსნის დღედ 1919 წლის 12 მარტი შემთხვევით არ შერჩეულა.
„რუსეთის იმპერიის დამხობიდან ორი წლის თავზე საქართველოში ჩატარდა იმ დროისათვის უპრეცედენტოდ დემოკრატიული არჩევნები, რისი დაგვირგვინებაც 1919 წლის 12 მარტს დამფუძნებელი კრების გახსნა იყო.დამფუძნებელი კრების პირველ სხდომაში მონაწილეობას იღებდნენ დეპუტატები ოთხი პარტიიდან და კრების გახსნას მთელი ქვეყანა ზეიმობდა. დამფუძნებელი კრების წევრების ხედვა მიპყრობილი იყო საქართველოს თავისუფალი და ბედნიერი მომავლის შენებისაკენ. ჩვენ, მათი შთამომავლები, მადლიერნი უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ დღეს სიამაყით შეგვიძლია აღვნიშნოთ რამდენად ღირსეული ტრადიცია აქვს ქართულ დემოკრატიას და ქართულ პარლამენტარიზმს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, დამფუძნებელი კრების ყველა წევრი იზიარებდა იმ იდეალებს, რომლებიც დღევანდელი ქართული სახელმწიფოს საფუძველს წარმოადგენს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აღსანიშნავია, რომ 100 წლის წინანდელ პირველივე სხდომაზე დამფუძნებელმა კრებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, როგორც ჩვენი სახელმწიფოს ფუძემდებლური დოკუმენტი.
„დამფუძნებელი კრება, მისი დემოკრატიული ხასიათიდან გამომდინარე, მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მისწრაფებებს გამოხატავდა და ფართო პოლიტიკური ლეგიტიმაციით სარგებლობდა. მასში არჩეულნი იყვნენ სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში. აღსანიშნავია, რომ დამფუძნებელი კრების წევრობის 600 კანდიდატიდან 26 ქალი იყო და ხუთი მათგანი დამფუძნებელი კრების წევრი – დეპუტატი გახდა. ამით საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მთელ იმდროინდელ კაცობრიობას აჩვენა თავისი პროგრესულობა და თანამედროვეობა. ქალთა აქტიური როლი პირველი რესპუბლიკის პოლიტიკაში საქართველოს ისტორიისა და კულტურის ღირსეული ტრადიციების გაგრძელების მაგალითს წარმოადგენდა. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ხანმოკლე პერიოდში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლებმა მიიღეს ქვეყნის პირველი კონსტიტუცია, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო და პროგრესული იყო მაშინდელ სამყაროში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში დაიწყო წინსვლა და განვითარება საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელსაც 1919 წლის დეკემბერში სათავეში ივანე ჯავახიშვილი ჩაუდგა.
„სამწუხაროდ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელთა მისწრაფებებს მაშინ ახდენა არ ეწერა, მაგრამ დამოუკიდებლობის დაკარგვის უშუალო საფრთხის პირობებშიც კი, 1921 წლის 21 თებერვალს, იმ დროს, როდესაც თბილისის შემოგარენში ბრძოლები მიმდინარეობდა – დამფუძნებელმა კრებამ უკიდურესად მძიმე პირობებში, ორწლიანი მუშაობის შედეგად, მიიღო საქართველოს კონსტიტუცია“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ საერთაშორისო ასპარეზზე პატივისცემა და აღიარება მოიპოვა, თუმცა, აღიარება საკმარისი არ აღმოჩნდა არც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად და არც მისი დამფუძნებლების ტრაგიკული ბედის შესამსუბუქებლად.
„დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ, კრების წევრების ნაწილი ემიგრაციაში გაემგზავრა. საქართველოში დარჩენილებმა კი საკუთარ თავზე იწვნიეს ბოლშევიკური რეპრესიების სიმძიმე. ქართული ემიგრაციის, მათ შორის დამფუძნებელი კრების წევრების მოღვაწეობის მნიშვნელოვან კულტურულ და პოლიტიკურ ცენტრად იქცა ლევილის მამული საფრანგეთში. ქართულმა ემიგრაციამ მოახერხა, პირველი ქართული რესპუბლიკის მისწრაფებები ღირსეულად შეენარჩუნებინა და დემოკრატიული იდეალები შემოენახა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.