ბოლო 11 წელია, ქვეყანაში გვაქვს მშვიდობის უწყვეტი ფაზა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არ ყოფილა ომი და ქვეყანას ტერიტორიები არ დაუკარგავს, ეს არის ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის შედეგი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, რომ, ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ბოლო 11 წლის განმავლობაში „ოცნებამ“ ქვეყანაში ყველაფერი გააჩერა.
როგორც კობახიძემ განაცხადა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ყველა მიმართულებით რადიკალური პროგრესი აქვს. მისივე თქმით, წინა ხელისუფლების „მიღწევებისგან“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიღწევები ფუნდამენტურად განსხვავდება.
„გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე. იყო ტოტალური შიში, ნული თავისუფლება, ციხეებში და ციხეებს გარეთ ადამიანების სისტემური წამება, არაადამიანური მოპყრობა, გაუპატიურების არაერთი ფაქტი როგორც ციხეებში, ისე ციხეებს გარეთ. ბიზნესის რეკეტი, რომელსაც ასევე სისტემური სახე ჰქონდა; ტელევიზიების მიტაცება. ყველა საერთო ეროვნული მაუწყებელი ჰქონდა მიტაცებული მაშინდელ მმართველ პარტიას და დაკარგეს ტერიტორიების 20 პროცენტი. 30 000-ზე მეტი დევნილი, 400-ზე მეტი დაღუპული ადამიანი. ეს იყო წინა ხელისუფლების ავტორიტარული მმართველობის შედეგები და ეს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, რომელიც სათავეში ჩაუდგა ამ პოლიტიკურ მოძრაობას და მოიტანა ფუნდამენტური გარდატეხა ჩვენს ქვეყანაში. პირველ რიგში, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით.
2012 წლამდე მაშინდელ პარლამენტში წარმოდგენილი იყო 3-4 ოპოზიციონერი დეპუტატი, რეალური ოპოზიციური დეპუტატი, თარგამაძეებს არ ვთვლი. დღეს არის 10-მდე ოპოზიციური პარტია, 50-ზე მეტი დეპუტატია წარმოდგენილი პარლამენტში. ადამიანის უფლებებს რაც შეეხება, რა მდგომარეობა იყო ციხეებში და რა მდგომარეობა არის დღეს, როგორია, ზოგადად, მიდგომა ადამიანების, საზოგადოების მიმართ, როგორი იყო წარსულში და როგორია ახლა. რადიკალურად შეიცვალა ამ კუთხით ვითარება.
რაც შეეხება ეკონომიკას, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ჩვენ გამოვიარეთ ორი სერიოზული კრიზისი. პირველი უკავშირდებოდა რუსეთ-უკრაინის პირველ ომს, 2015-2016 წლებში. მაშინ გახსოვთ ლარის კურსის დევალვაცია და ასე შემდეგ, რაც იყო ამ ყველაფრის შედეგი. მეორე იყო კოვიდთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი. ყველაფრის მიუხედავად, მონაცემები არის შემდეგი. 2012 წელს ჩვენ ეკონომიკა დაგვხვდა 27 მილიარდი ლარი და წელს უკვე 85 მილიარდი ლარი ხდება. ანუ რამდენჯერმე გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა ამ პერიოდის განმავლობაში. სოციალური დახმარების პაკეტები რამდენჯერმე გაფართოვდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, სოციალური დახმარება უშუალოდ რამდენჯერმე არის გაზრდილი, გაიზარდა კულტურის, განათლების, სხვადასხვა სფეროს დაფინანსებაც.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ავტობანი იყო ნახსენები. მთელი მათი ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში სულ დააგეს, არ ვიცი, თბილისიდან იგოეთამდე, სვენეთამდე ავტობანი, ყველაზე მარტივი მონაკვეთი, რაც, თუ არ ვცდები, იყო 60-80 კმ. მას შემდეგ რამდენჯერმე დაჩქარდა ავტობანის და არამარტო, ზოგადად, ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპები და გვაქვს რადიკალურად განსხვავებული სურათი, რაც, მათ შორის, იმანაც გამოიწვია, რომ სისტემური კორუფცია მოიშალა სახელმწიფო სტრუქტურებში. განსაკუთრებით ავტობანზე კეთდებოდა ძალიან დიდი ფული და კონკრეტული ადამიანებიც იცით, ვინც დიდი ფული აკეთეს ავტობანის მშენებლობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა მონაკვეთს ეხებოდა ეს სამუშაოები“, – აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, მისივე განცხადებით, ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე ყველა მიმართულებით წარმატებები აქვს.
„რაც შეეხება საგარეო მიმართულებით ჩვენს მიღწევებს, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან და არამარტო ევროკავშირთან, ჩინეთთან მოეწერა ხელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ყველა მიმართულებით გვაქვს წარმატებები საერთაშორისო ასპარეზზე. რეალურად, არის არაერთი პროგრამა, მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით, „აწარმოე საქართველოში“ და ასე შემდეგ, რომელიც გასცემს იაფ კრედიტებს, რათა ადამიანებმა წარმატებით აწარმოონ სამეწარმეო საქმიანობა. სახელმწიფოს პოლიტიკა ყველა მიმართულებით ორიენტირებულია ადამიანზე და, მათ შორის, ბიზნესის წარმატებაზე, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, რომელიც ბიზნესის რეკეტზე იყო ორიენტირებული.
ბიზნესმენი არ დატოვეს ქვეყანაში, რომელიც რეკეტის მსხვერპლი არ იყო. უხეში ფაქტები არსებობდა. მილიონად აყიდინეს ერთლარიანი ქონება და, სამაგიეროდ, თვითონ ერთ ლარად ყიდულობდნენ მილიონიან ქონებას. ამის საუკეთესო მაგალითია სააკაშვილის დედა, რომელიც გამდიდრდა კორუფციის ხარჯზე. შეიძინა ერთ ლარად საქართველოს უნივერსიტეტი, გახსოვთ, ბენდუქიძის უნივერსიტეტი როგორ გადაეცა მაშინდელ პოლიტიკოსს და ასე შემდეგ. კორუფცია ყვაოდა 2012 წლამდე. ესეც რადიკალურად შეიცვალა.
ყველა მიმართულებით გვაქვს რადიკალური პროგრესი. ბოლო 11 წელია, საქართველოში გვაქვს მშვიდობის უწყვეტი ფაზა. პირველი ხელისუფლებაა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომლის პირობებშიც ომი არ ყოფილა და ქვეყანას ტერიტორიები არ დაუკარგავს. ეს არის ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის შედეგი. ვხედავთ, რომ ფუნდამენტურად განსხვავდება ჩვენი მიღწევები, იმ „მიღწევებისგან“, რომლებიც ჰქონდა წინა ხელისუფლებას. მაშინ ყველა მიმართულებით იყო ტოტალური რეგრესი, ახლა გვაქვს პროგრესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.